ლიგა 3-მა სტარტი "ბათუმის სპორტული ცენტრი"-ს გამარჯვებით აიღო!

ყველა სიახლე
28 ოქტომბერი 2023

ლიგა 3-მა სტარტი

სპორტკომპლექს „არენა 2“-ში სტარტი ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის გათამაშებამ აიღო. გახსნით მატჩში ერთმანეთს დებიუტანტი გუნდები, „ბათუმის სპორტული ცენტრი (BSC)“ და „რიწა“, დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის პირველი ნახევარი BSC-მ მერვე წუთზე ლუკა ჩარგეიშვილის გატანილი გოლით მოიგო. „ბათუმელებმა“ კარი მეორე ნახევარშიც მშრალად შეინახეს, სხვაობა კიდევ სამი ბურთით გაზარდეს და მეტოქე საბოლოოდ 4-0 დაამარცხეს.  თითო გოლია ბექა ბენდელიანის, ბექა ლორიას და მოსე ჩიქიროვის სახელზე.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლუკა ბიბლაია, რიწა: „ჩვენი გუნდი აფხაზეთში სკოლადამთავრებული ბიჭებისგან შედგება. ყველა იქიდან ვართ. რაც ეს ინიციატივა გაგვიჩნდა, მას მერე ვშრომობდით, რომ გუნდი შეგვექმნა. საბოლოოდ, გამოგვივიდა. დიდი ხანი არ არის, რაც ვვარჯიშობთ. პირველ რიგში, გულშემატკივრებს მინდა მადლობა გადავუხადო. უპრეცედენტო იყო ალბათ ასეთი ქომაგობა. მადლობა, რომ წაგების მიუხედავად ჩვენ გვერდით არიან. მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა. შემდეგში ვეცდებით მოვიგოთ. ჩვენ ყველა დიდი ფეხბურთიდან ვართ გადმოსული და უჩვეულო იყო დარბაზში თამაში. ნელ-ნელა მივეჩვევით და უკეთეს შედეგებს დავდებთ“.

ლუკა ჩაქსელიანი, BSC: „ძალიან კარგი ატმოსფერო იყო, აღფრთოვანებული ვარ. ჩვენ ყველა ეზოს ფეხბურთიდან მოვდივართ, ერთი წელია თითქმის ვემზადებით ამ ტურნირისთვის. ყველანაირად ვცდილობთ და ბოლომდე ვიხარჯებით. დიდი იმედი მაქვს, რომ კარგ შედეგს დავდებთ. მოედანს ცოტა ვერ მივეჩვიეთ, ბათუმში უფრო პატარა სავარჯიშო დარბაზი გვაქვს. ასეთ ატმოსფეროში მე ჯერ არ მითამაშია და ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს გუნდი ერთ სეზონში არ დაიშლება და ეს არის ჩვენი მიზანი. ვეცდებით გულშემატკივარს და ბათუმის სპორტულ ცენტრს იმედები არ გავუცრუოთ. გამოცდილი მეკარე გვყავს, მისი დიდი იმედი გვაქვს, ის რომ კარში დგას თავს ძალიან დაცულად ვგრძნობ“.

ლიგა 3-ის პირველი ტურის სხვა შეხვედრებში „ჯიპა“ „რუსთავს“ ეთამაშება, „აწსუ“ კი „UG 2”-ს გაეჯიბრება.



  © SBM, 2016-2024