სუპერლიგის გამარჯვებული „შსს“ ევროპის ბიზნეს თასზე იასპარეზებს!

ყველა სიახლე
16 ოქტომბერი 2023

სუპერლიგის გამარჯვებული „შსს“ ევროპის ბიზნეს თასზე იასპარეზებს!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წწ. სეზონის სუპერლიგის გამარჯვებული „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ გუნდი ევროპის ბიზნეს თასზე (EURO Business CUP) იასპარეზებს. გთამაშება თურქეთის ქალაქ ანტალიაში 18-22 ოქტომბერს გაიმართება და მასში 12 ქვეყნის 28 ორგანიზაციის კორპორატიული გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატი ევროპის მინი ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით იმართება და სპორტულ სააგენტო SBM-თან თანამშრომლობით საქართველო ყველაზე პრესტიჟულ კორპორატიულ საფეხბურთო ღონისძიებაში მონაწილეობას პირველად მიიღებს.

18 ოქტომბერს სასტუმრო Starlight Resort-ში ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება, სადაც ჯგუფურ ეტაპზე „შსს“-ს მეტოქეები გამოვლინდებიან. როგორც დებიუტანტი, საქართველოს წარმომადგენელი, მეოთხე კალათაშია განთესილი.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ ტურნირში ასპარეზობას საუკეთესო 16 გუნდი გააგრძელებს, სადაც ჯგუფში პირველ და მეორე ადგილოსნები და 4 საუკეთესო მესამე ადგილოსანი კვალიფიცირდება.

ევროპის ბიზნეს თასი გამორჩეულია მულტინაციონალური გარემოთი, პროფესიონალი მსაჯებით, VAR სისტემით და საფეხბურთო ატმოსფეროთი. მასში მონაწილეობენ ისეთი გლობალური კომპანიები, როგორიცაა NIKE (სლოვაკეთი), SOCAR (აზერბაიჯანი), GT Solutions (საფრანგეთი) და ა.შ. მოქმედი ჩემპიონი რუმინეთის GEMINA CLUJ-ის კორპორატიული გუნდია, რომელიც წელს ტიტულის დაცვას შეეცდება.

აღსანიშნავია, რომ ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი ლიგის ოფიციალურ ფეისბუქ და იუთუბ არხზე იქნება ხელმისაწვდომი და სიახლეები ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის საკომუნიკაციო არხებით გავრცელდება.



  © SBM, 2016-2024