"თსუ 2"-მა "ილიაუნი 2"-ს სოლიდური უპირატესობით სძლია!

ყველა სიახლე
15 ოქტომბერი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის პირველი ტური სპორტკომპლექს „არენა 2“-ში „თსუ 2“-ისა და „ილიაუნი 2“-ის დაპირისპირებით დასრულდა.

„სტუდენტურ დერბიში“ მოქმედმა ჩემპიონმა „თსუ 2“-მა პრინციპულ მეტოქესთან 8-2 იმარჯვა. შეხვედრის პირველ ნახევარში მიღებული სამი გოლიდან „ილიაუნიმ“ ტაიმის ბოლომდე ორი გაქვითა (3-2), მაგრამ მეტოქე კვლავ დაწინაურდა და საბოლოოდ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა.

გამარჯვებული გუნდიდან ორ-ორი ბურთია ალექსი ტკაჩოვის, გეგა კოშაძის და ლუკა გაგნიძის ანგარიშზე.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით თაბაგარი, ილიაუნი 2-ის მთავარი მწვრთნელი: „მეტოქემ კარგად ითამაშა, თუმცა, ვთვლი, რომ ჩვენი გამოუყენებელი შანსების შემდეგ უფრო დიდი უპირატესობა მოიპოვეს. პირველი მატჩია და არა უშავს, ახალი გუნდი ვართ, ძირითადი ბირთვი შევცვალეთ. ნელ-ნელა უფრო მეტ სტუდენტს ჩავრთავთ აღნიშნულ ტურნირში. შემდეგი შეხვედრებისთვის მეტი მონდომება გვექნება. დაცვაში გვიჭირს, მეტი მუშაობა გვჭირდება, ასევე ერთი-ერთზე ორთაბრძოლები წავაგეთ, რამაც თამაშის ბედი გადაწყვიტა“.

დავით გეგეშიძე, თსუ 2-ის მთავარი მწვრთნელი: „ვულოცავ  ყველას სეზონის დაწყებას. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ახალი დარბაზი ძალიან კომფორტული და კარგია. პარკეტიც იდეალურ მდგომარეობაშია და კმაყოფილები ვართ. ანგარიშზე სირთულე დიდად არ დაეტყო, მაგრამ პირველი მატჩი იყო და მარტივი არ ყოფილა. პირველ ტაიმში დაიძაბა, სამით ნულიდან სამით ორი გახდა. შედეგით კმაყოფილი ვარ, ჩემი პირველი თამაში იყო მწვრთნელის რანგში. სეზონის წინ განწყობა შევიქმენით. განაცხადში ცოტა მწირი რაოდენობის მოთამაშე გვყავს, მაგრამ ნელ-ნელა შევივსებით. მაქსიმალურად ვეცდებით ჩემპიონის ტიტული დავიცვათ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეორე ტურის შეხვედრები ქუთაისსა და თბილისში 21 და 22 ოქტომბერს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024