უხვგოლიან მატჩში "დინამო"-მ "EU"-სთან იმარჯვა!

ყველა სიახლე
14 ოქტომბერი 2023

უხვგოლიან მატჩში

სპორტ კომპლექს „არენა 2“-ში ფუტსალის ლიგა 2-ის რიგით მეექვსე სეზონის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. დღის დასკვნით მატჩში ერთმანეთს „ევროპის უნივერსიტეტი“ და „დინამო“ დაუპირისპირდნენ. უხვგოლიან შეხვედრაში გამარჯვება „დინამოელებს“ დარჩათ, ანგარიშით 9-6.

მეორე წუთზე მიღებულ გოლს „სტუდენტებმა“ მალევე უპასუხეს და წინ გავიდნენ. ტაიმის დასრულებამდე „დინამო“-მ წონასწორობა აღადგინა და დაწინაურდა კიდეც, რის შემდეგაც უპირატესობა აღარ დაუთმია. „EU“ პერიოდულად ანგარიშში სხვაობას ამცირებდა, თუმცა საბოლოოდ სეზონის შედეგიანად დაწყება ვერ შეძლო.

"დედაქალაქელთა" რიგებიდან პოკერი ლაშა-გიორგი ობოლაძემ გაიფორმა, ორი გოლია დათო ხუბუტიას სახელზე. 

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

კახა მაისაია, „დინამო“-ს მთავარი მწვრთნელი: „გილოცავთ სეზონის დაწყებას. მიხარია, რომ ქართულ ფუტსალში მორიგი ბრწყინვალე სეზონი დაიწყო. გუნდებს წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ შარშანდელი გუნდის ძირითადი ბირთვი. დავიმატეთ ძალიან კარგი მოთამაშეები. ცოტა რთული მატჩი იყო, მესმის პირველი თამაში იყო, მღელვარება ეტყობოდა ცოტა ბიჭებს, მაგრამ გარდამტეხ მომენტებში გამოავლინეს ხასიათი. „ეუ“-მ ბრძოლისუნარიანი თამაში გვაჩვენა. შედეგია კარგია, მაგრამ თამაშის ხარისხით არ ვარ კმაყოფილი. ჯერ ფავორიტობაზე საუბარი ადრეა, თუმცა ჩვენ ჩემპიონობისთვის და უმაღლესი ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით“.

გიორგი გიორგაძე, “EU”-ს მთავარი მწვრთნელი: „ექვსი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა დღეს. სრულიად ახალი გუნდი ვართ. პატარა ბიჭები არიან. უფრო მომავალზე გვაქვს გათვლილი ეს გუნდი და ვნახოთ რა იქნება. მოთამაშეთა რაოდენობის გამო გამიჭირდა უფრო მობილური და აქტიური თამაში, რის გამოც უკნიდან ვეთამაშებოდით. მეორე ტაიმის ბოლოს უკვე რა ენერგიაც გვქონდა, აღარ გვეყო სხვაობის აღმოსაფხვრელად“.

ფუტსალის ლიგა 2-ის პირველი ტურის დასკვნითი მატჩი „არენა 2“-ში 15 ოქტომბერს „თსუ 2“-სა და „ილიაუნი 2“-ს შორის გაიმართება.



  © SBM, 2016-2024