"სეუ"-მ ლიგა 2-ში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო!

ყველა სიახლე
14 ოქტომბერი 2023

სპორტ კომპლექს „არენა 2“-ში ფუტსალის ლიგა 2-ის 2023-24 წწ. სეზონის გახსნითი მატჩი გაიმართა.

გასული სეზონის ლიგა 3-ის ვერცხლის პრიზიორი „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი“ პირველ ტურში „გორს“ დაუპირისპირდა და 7-3 იმარჯვა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის პირველ ნახევარში „გორელებმა“ ანგარიში ორჯერ გაათანაბრეს, ტაიმის მიწურულს კი წინ გავიდნენ (3-2).

თამაშის განახლებიდან ოთხ წუთში „სტუდენტებმა“ წონასწორობა აღადგინეს, რის შემდეგაც დაწინაურდნენ და საბოლოოდ სხვაობა სოლიდური გახადეს. სეზონის პირველი გოლი ამირან ცხომარიას სახელზეა (სეუ). გამარჯვებული გუნდიდან დუბლი გაიფორმეს ნიკა ბიძინაშვილმა, სანდრო ობოლაძემ და ზაქრო მირზაშვილმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით ადუაშვილი, ,“გორი“-ს მთავარი მწვრთნელი: „ვულოცავ სეუ-ს ღირსეულ და დამსახურებულ გამარჯვებას. სადამდეც გვეყო ენერგია და ფიზიკური მომზადება, იქამდე ვიბრძოლეთ. მეორე ტაიმში გადავიღალეთ, ცოტა ასაკიანი მოთამაშეები ვართ. სწრაფი სპორტია, ბევრი სირბილი გიწევს. მეტოქე კარგად მომზადებული იყო, ლიგა 3-შიც ვადევნებდით თვალს, კარგი მწვრთნელი ჰყავთ. მგონია, რომ წელს ყველაზე მძიმე შემადგენლობა გვეყოლება, მაგრამ როგორც შარშან, წელსაც ვიბრძოლებთ შედეგისთვის“.

ამირან ცხომარია, „სეუ“-ს მთავარი მწვრთნელი: „მოხარულები ვართ, რომ დაიწყო ლიგა 2. ჩვენი მიზნები კვლავ უმაღლესია და პირველ ლიგაში გადასასვლელად ვიბრძოლებთ. რაც მთავარია, ძირითადი ბირთვი, რაც ლიგა 3-ში მყავდა შევინარჩუნეთ, რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე დავიმატეთ, ვისაც ზურგს უმაგრებს წლების გამოცდილება. ლიგა 2-ში ანგარიშგასაწევი გუნდი ვიქნებით. პირველი თამაში ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. პირველი ტაიმი წავაგეთ, მაგრამ ვფიქრობ, ბიჭებმა ასი პროცენტით შეასრულეს დავალებები. შემდეგ უკვე ანგარიშზეც აისახა ყველაფერი“.

სპორტ კომპლექს „არენა 2“-ში ფუტსალის ლიგა 2-ის პირველი ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება.



  © SBM, 2016-2024