სუპერლიგაში საუკეთესო მოთამაშეები დასახელდნენ!
ყველა სიახლესუპერლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს - „შსს“-მ ფინალში „კროკობეთი“ პენალტების სერიაში 4-3 დაამარცხა და თასი აღმართა.
დაძაბული და სანახაობრივი ფინალური მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გოლის გარეშე დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების შერია დაინიშნა, რომელიც „შინაგან საქმეთა სამინიტსროს“ გამარჯვებით დასრულდა.
ფინალის შემდეგ ტრადიციული დაჯილდოებს ცერემონია გაიმართა. სეზონის საუკეთესო ნომინაციებში გამარჯვებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ქეთევან ტყეშელაშვილმა, კროკობეთის CBO-მ ბექა შარაშიძემ და სპორტული სააგენტო SBM-ის CEO-მ ზაალ ჩიტალაძემ დააჯილდოვეს.
სუპერლიგის საუკეთესო მეკარედ დავით თურმანიძე (კროკობეთი) დასახელდა. საუკეთესო მცველი ირაკლი გოგინაშვილი (დიპლომატ ჯორჯია) გახდა. საუკეთესო უნივერსალის ჯილდო გიორგი კუხალაშვილს (კროკობეთი) გადაეცა. საუკეთესო ასისტენტის და ბომბარდირის ტიტული რევაზ ინჯგიამ (შსს) 10 შედეგიანი გადაცემით და 13 გატანილი გოლით მოიპოვა. საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი ლუკა კაკაბაძემ (ბეთლაივი) მიიღო. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დავით დარჩია (შსს) დასახელდა.
Sbm.ge გთავაზობთ დაჯილდოების შემდგომ კომენტარებს:
გიორგი კუხალაშვილი, კროკობეთი: „მთლიანობაში თანაბარი თამაში იყო. შანსები პირველ ტაიმში უფრო მეტად ჩვენ გვქონდა. შემდეგ უკვე შსს-მაც შექმნა მომენტები. მთლიანობაში ალბათ ვინც მოიგო, დამსახურებულად გაიმარჯვა. გულდასაწყვეტია, რომ ბევრი შანსი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. სეზონი ნორმალურად შეიძლება ჩაითვალოს. რეალურად ფინალი არ წაგვიგია, პენალტებში წავაგეთ, მაგრამ ასეთია ფეხბურთი, ზოგჯერ საუკეთესოებიც ვერ იგებენ ფინალებს. მეორედ მივიღე საუკეთესო უნევარსალის ჯილდო, სიმართლე გითხრათ სხვა პოზიციას ველოდებოდი, მაგრამ კმაყოფილი ვარ“.
დავით თურმანიძე, კროკობეთი: „ზოგადად ფინალს რაც შეეხება, ყველაზე გამოცდილი გუნდია შსს. ვიცოდით, რომ გვექნებოდა რთული და გამოცდილი თამაში. გარდამავალი უპირატესობით იყო თამაში. ვფიქრობ, დამსახურებულად გაიმარჯვეს და წარმატებებს ვუსურვებ. ტურნირი კარგი იყო, ფინალიც ასეთი გამოვიდა. ზოგადად კარგია, როცა, შრომა და წვალება გიფასდება, სასიამოვნოა, როცა ამას ხედავენ და გიფასებენ“.
რევაზ ინჯგია, შსს: „ემოციები რა თქმა უნდა დიდია, ამისთვის მთელი სეზონის განმავლობაში ვშრომობდით, ვწვალობდით და მიზანი რაც გვქონდა მიღწეულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით პირველად მოვიგეთ სუპერლიგა და მინდა მივულოცო ჩვენს გუნდს, მადლობა გადავუხადო ჩვენს მინისტრს და თითოეულ ხელმძღვანელს, რომელმაც ეს შრომა გაწია ჩვენი გულისთვის, რომ ამ შედეგისთვის მიგვეღწია. კროკობეთი კარგი გუნდია და წარმატებებს ვუსურვებ. ფინალი ნამდვილად ის ფინალი იყო, რომელიც შეეფერებოდა სუპერლიგას და ის დაძაბულობა, შრომა, რაც გავწიეთ, ამით ნამდვილად შევადგინეთ ფინალი. მადლობა SBM-ს ასეთი კარგი ტურნირისთვის. რა თქმა უნდა, არ გავჩერდებით და კიდევ ბევრი ტიტული გვინდა“.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთხუთმეტე სეზონის დასრულების შემდეგ ლიგის რეიტინგში „შსს“-მ პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.