გრანდ ლიგაში საუკეთესო შვიდეული ცნობილია!
ყველა სიახლეგრანდ ლიგის ჩემპიონი უცვლელია - თავდაცვის სამინისტროს გუნდმა „არმია“-მ „ბაქსვუდი“ ფინალში ზედიზედ მეორედ დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა.
2022/23 წწ. სეზონის ფინალში „ძალოვნებმა“ „ბაქსვუდი“ 4-1 დაამარცხეს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ დასკვნით მატჩში „არმია“-მ ანგარიში მეცამეტე წუთზე გახსნა. გოჩა ჯიქიამ დუბლით სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. თამაშის მიწურულს „ბაქსვუდმა“ ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ დარჩენილ დროში კიდევ ერთი გოლი მიიღო.
ფინალის შემდეგ ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები „ბაქსვუდის სკოლა - თბილისი“-ს აკადემიურმა დირექტორმა არჩილ სუმბაძემ და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა დააჯილდოვეს.
გრანდ ლიგის საუკეთესო მეკარედ ლევან სხულუხია (არმია) დასახელდა. საუკეთესო მცველი რევაზ ქემოკლიძე (ბაქსვუდი) გახდა. საუკეთესო უნივერსალის ჯილდო ნიკოლოზ უგრეხელიძეს (არმია) გადაეცა. საუკეთესო ასისტენტის ტიტული ლაშა მდივანმა (McGill) 6 შედეგიანი გადაცემით მოიპოვა. საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი დავით ლომაიამ (ბაქსვუდი) მიიღო. საუკეთესო ბომბარდირი 11 გატანილი გოლით გოჩა ჯიქიაა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ნადიმ კახაძე (არმია) დასახელდა.
Sbm.ge გთავაზობთ დაჯილდოების შემდგომ კომენტარებს:
რევაზ ქემოკლიძე, ბაქსვუდი: „პირველ რიგში, ვულოცავ არმიას დამსახურებულ გამარჯვებას, ანგარიშზეც აისახა ეს, 4-1. მართალია მეორედ ვაგებთ, მაგრამ არა უშავს. იმედი გვაქვს, რომ მესამედ გავიმარჯვებთ. ლამაზი და სანახაობრივი ტურნირი იყო. კიდევ ერთხელ მომენიჭა საუკეთესო მცველის ტიტული, მადლობელი ვარ და ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს ფინალში გავალთ და თასსაც ავწევთ“.
დავით ლომაია, ბაქსვუდი: „ძალიან დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა ეს ჩემპიონატი. რაც შეეხება ფინალს, თავიდანვე ცოტა ისე დავიწყეთ. ვფიქრობ, რომ რაღაცა დაგვაკლდა მაინც. ვეცდებით შემდეგში გამოვასწოროთ. ვულოცავ არმიას კიდევ ერთხელ. ყველანაირად ვეცადეთ თამაში შემოგვეტრიალებინა, მაგრამ ისე არ წავიდა, როგორც ჩვენ გვინდოდა, ამიტომ დაფიქსირდა ეს შედეგი. სასიამოვნოა პირადი ჯილდოს მიღება და მადლობა ამისთვის“.
ლევან სხულუხია, არმია: „არმიას თითოეული გუნდის წევრს ვუხდი მადლობას, ყველა იმ ადამიანს ვინც დღეს და მთელი ჩემპიონატის განმავლობაში იბრძოდა, ბოლო წუთამდე ოფლს ღვრიდა და ეს დაფასდა.
გრანდ ლიგა ძალიან კარგი ჩემპიონატია. ასევე, მადლობა პირადი დაფასებისთვის. ფინალი უაღრესად მაგარი თამაში იყო, ორივე გუნდმა კარგი თამაში აჩვენა, რაც არა მგონია ბოლო დროს ასეთი კარგი შეხვედრა ყოფილიყო. ვიზუალურადაც, შესახედაობითაც, მაყურებელიც კმაყოფილი იყო, თითოეული ჩვენგანიც. გამარჯვებულები ამ ეტაპზე ჩვენ დავრჩით, მადლობა მოწინააღმდეგეს“.
ნიკოლოზ უგრეხელიძე, არმია: „ჩემპიონატში ოთხი გუნდი გამოვდიოდით და კარგი ტურნირი იყო. ფინალში ორივე გუნდი ისე მოვხვდით, რომ ვიმსახურებდით. თამაშში თავიდან დაძაბულობა იყო, მაგრამ ერთი-ორი გოლი რომ გავიტანეთ, მოგვეშვა ჩვენც და ბოლოსკენ უფრო გაგვიადვილდა. დაძაბულობა რომ მოგვეხსნა, თამაშიც მოვიგეთ. პირადი ჯილდოსთვის ყველას დიდი მადლობა, არ ველოდებოდი“.
გოჩა ჯიქია, არმია: „ასაკოვანი მოთამაშეებისთვის არის გრანდ ლიგა და სასიხარულოა მასში მონაწილეობა, ცოტა ემოციურიც არის. ზედიზედ მეორედ გავხდი ჩემპიონატის ბომბარდირი, რაც ჩემი გუნდელების დამსახურებაა. ბაქსვუდი ძალიან კარგი გუნდია, კარგი თამაში გამოვიდა. მეორე ადგილსაც ვულოცავ. ჩემპიონობის ემოცია, რა თქმა უნდა, საუკეთესოა, თასის აწევას არაფერი სჯობს“.
გრანდ ლიგის 2022/23 წწ. სეზონი მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა.