ოქროს ლიგაში საუკეთესო ნომინანტები დაჯილდოვდნენ!

ყველა სიახლე
13 ივნისი 2023

ოქროს ლიგაში საუკეთესო ნომინანტები დაჯილდოვდნენ!

ოქროს ლიგის 2022/23 წწ. სეზონის ჩემპიონი „ნიკორა“ გახდა.

ფინალური მატჩი „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ საწყისი წუთებიდანვე „ნიკორა“-ს სრული უპირატესობით წარიმართა, საბოლოოდ სოლიდური ანგარიშით 10-0 დასრულდა და ბრინჯაოს და ვერცხლის ლიგების მოგების შემდეგ „ნიკორა“-მ ზედიზედ მესამე ჩემპიონობა იზეიმა.

ფინალის შემდგომ ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ოქროს ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეები ნიკორა ტრეიდის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თათია ბაკაშვილმა, ჯორჯიან მანგანეზის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერმა ხატია პავლიაშვილმა და სპორტული სააგენტო SBM-ის CEO-მ ზაალ ჩიტალაძემ დააჯილდოვეს.

ოქროს ლიგის 2022/23 წწ. სეზონის საუკეთესო მეკარედ ოთარ ისმაილოვი (ნიკორა) დასახელდა. საუკეთესო მცველი ზურა შერგელაშვილი (GM) გახდა. საუკეთესო უნივერსალის ჯილდო ნადიმ კახაძემ (არმია) მიიღო. საუკეთესო ასისტენტის ტიტული 8 შედეგიანი გადაცემით შოთა უშარაულმა მოიპოვა. საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი კახა გოგოლაძეს (ქართუ) გადაეცა. საუკეთესო ბომბარდირი 16 გატანილი გოლით ნიკა ჯოლოხავა (ნიკორა) გახდა. საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში გიორგი ღონღაძემ (ნიკორა) გაიმარჯვა.

Sbm.ge გთავაზობთ ფინალის შემდგომ კომენტარებს:

შოთა უშარაული, ნიკორა: „მინდა მთელ ნიკორას მივულოცო ეს გამარჯვება. ნიკორამ უკვე ისტორია დაწერა. მესამე სეზონია თასს დაეუფლა, დაიწყო ბრინჯაოთი, შემდეგ ვერცხლი და ოქროთი დააგვირგვინა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთლიან გუნდს. გუნდს, რომელიც ჩვენს უკან დგას. მოწინააღმდეგესაც მივულოცავ ვერცხლის მედლებს. მომავალში სუპერლიგისთვისაც ვიბრძოლებთ. საკმაოდ ლაღი და გახსნილი თამაში გამოგვივიდა. არ ველოდით ჩვენ, მაგრამ თავიდანვე ისე წაგვივიდა თამაში, რომ უკვე ნიკორას გაჩერება შეუძლებელი იყო“.

ზურა შერგელაშვილი, GM: „ძალიან მოხარული ვარ, რა თქმა უნდა. სეზონის დასაწყისში არ გვქონდა ამდენი იმედები. ასე თუ ისე ახალი გუნდი ვიყავით და ერთმანეთთან შეთამაშების პრობლემა გვქონდა. ძალიან გახარებულები ვართ იმის ფონზე, რომ ფინალი ვითამაშეთ. ჩვენი თავიდან გამომდინარე, მაღალი დონე ვაჩვენეთ. მინდა ჩვენს კომპანიას და SBM-ს დიდი მადლობა გადავუხადო. ყოველ წელს უკეთესობისკენ მიდის ჩემპიონატი. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს,რაც შეგვეძლო ბოლომდე ვითამაშეთ. მოწინააღმდეგეს ვულოცავ გამარჯვებას. ჩვენც ვეცდებით მომავალი წლიდან უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ“.

ოთარ ისმაილოვი, ნიკორა: „სიმართლე გითხრათ, ასეთ ანგარიშს არ ველოდებოდით. მომზადებულები ვიყავით. კვირაში ორჯერ ვვარჯიშობდით და ყველა გუნდურად ვთამაშობდით, ვერთობოდით. ჩემპიონობა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, კმაყოფილი ვარ. შემდეგ წელს, სუპერლიგის მოგებას შევეცდებით. ძალიან ცოტანი ვართ რაოდენობრივად, იმედია კიდევ დაგვემატებიან. ჩვენი უპირატესობა ერთიანობა იყო, ვიცით უკვე ვინ რა გუნდა გააკეთოს, შეთამაშებულები ვართ უკვე“.

გიორგი ღონღაძე, ნიკორა: „პირველ რიგში, ძალიან გახარებულები ვართ, რაც მიზანი გვქონდა ამ სეზონში, შევასრულეთ. მართალია ცოტა რთული სეზონი გვქონდა იმის გამო, რომ ბევრჯერ აღვნიშნე, ნაკლები ხალხი გვყავდა გუნდში. მადლობა მინდა ჩემს ბიჭებს ვუთხრა, ძალიან ბედნიერი ვარ. მოვიგეთ ბრინჯაოს ლიგა, ვერცხლის ლიგა, ოქროს ლიგა და ალბათ ხვდებით, რომ ჩვენი შემდეგი სამიზნე იქნება სუპერლიგა. შემდეგ სეზონში ვაპირებთ ამ ტიტულისთვის ვიბრძოლოთ. დიდი სიხარულია ჩემთვის, რომ ამდენი შრომა დამიფასდა და მადლობა ყველას, ვინც დამაფასა“.



  © SBM, 2016-2024