ვერცხლის ლიგაში საუკეთესო მოთამაშეები დასახელდნენ!

ყველა სიახლე
13 ივნისი 2023

ვერცხლის ლიგაში საუკეთესო მოთამაშეები დასახელდნენ!

„ენერგო-პრო“-მ ვერცხლის ლიგის ფინალურ დაპირისპირებაში “DHL“-თან 6-2 იმარჯვა და ოქროს მედლებს სეზონში მარცხის გარეშე დაეუფლა.

სანახაობრივი დასკვნითი მატჩის მერვე წუთზე „ენერგო-პრო“ ორბურთიანი უპირატესობით იგებდა. ტაიმის მიწურულს ავტოგოლით სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. თამაშის განახლებისთანავე „ენერგეტიკოსებმა“ მოახერხეს მეტოქის კარის აღება და დარჩენილ დროში კომფორტული ანგარიშის დაფიქსირება.

ფინალის შემდგომ ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სეზონის საუკეთესო ნომინაციებში გამარჯვებულები „ენერგო-პრო“-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ მამისეიშვილმა, DHL საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე პაპელაშვილმა და სპორტული სააგენტო SBM-ის CEO-მ ზაალ ჩიტალაძემ დააჯილდოვეს.

ვერცხლის ლიგის საუკეთესო მეკარედ მიხეილ ლანჩავა (GSE) დასახელდა. საუკეთესო მცველი ერეკლე ლომიძე (ავერსი) გახდა. საუკეთესო უნივერსალის ჯილდო ბესიკ კავთუაშვილმა (DHL) მიიღო. საუკეთესო ასისტენტი 15 შედეგიანი გადაცემით ილია თოლორდავა (ენერგო-პრო) გახდა. საუკეთესო თავდამსხმელის ნომინაციაში გიორგი ზარქუამ (DHL) გაიმარჯვა. საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ლუკა გოგუაძემ (ენერგო-პრო) 17 გატანილი გოლით მოიპოვა. ვერცხლის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ლობჟანიძე (ენერგო-პრო) დასახელდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბესიკ კავთუაშვილი, DHL: „პირველ რიგში, დიდი მადლობა ორგანიზატორებს, მთლიანი სეზონი მართლაც შესანიშნავად ჩატარდა. რაც შეეხება ფინალს, ნამდვილად დამსახურებულად გაიმარჯვა ძლიერმა. მოტივაციაც გაგვიჩინეს შემდეგი სეზონისთვის რომ მეტად მოვემზადოთ. პირველი წრე იყო ჩვენთვის, ამიტომ ფინალში მეორე ადგილი ცუდი არ არის, ასე რომ ვთქვათ. შემდეგი წლისთვის მოტივაცია გვექნება რომ თასი ჩვენ ავწიოთ. წარმატებას ვუსურვებ ყველას, ვულოცავ ენერგო-პროს. მიღებული ჯილდო სასიამოვნოა ძალიან, რადგან ეს ყველაფერი გამოჩნდა და დაინახეს. დიდი მადლობა“.

ილია თოლორდავა, ენერგო-პრო: „კმაყოფილი, რა თქმა უნდა, ყველანი ვართ. რისთვისაც ვემზადებოდით ამდენ ხანს, დაუმარცხებლად მივიღეთ. ფინალი იყო დაძაბული, თუმცა გამოცდილებამ თავისი გასტანა და ის რასაც ამდენი ხანი ველოდებოდით, დამსახურებულად მოვიპოვეთ. თავიდან როგორც გვქონდა დაგეგმილი, დომინანტები უნდა ვყოფილიყავით და ასეც დავიწყეთ, შემდეგ რაღაც პერიოდი შევჩერდით, ვერ ვიტყვი რატომ, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენი თამაში დავიბრუნეთ, რამაც შედეგი გამოიღო. მოწინააღმდეგეები ძალიან მოტივირებულები იყვნენ, მათი პირველი ნაბიჯები იყო ფინალში და ვიცოდით რომ  არაფერს არ დათმობდნენ. მადლობა მათ რომ ძალიან კარგი წინააღმდეგობა გაგვიწიეს“.

გიორგი ზარქუა, DHL: „პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორებს, SBM-ს, ამ კორპორაციული ლიგისთვის. ძალიან კარგი შესაძლებლობებია იმისთვის რომ გამოხვიდე და კორპორაციული ლიგა ითამაშო. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ბიჭებს რომლებმაც თავდადებით ითამაშეს. 

მიუხედავად იმის რომ მანამდეც გამოვდიოდით SBM ლიგაში, პირველად გავედით ფინალში. ასევე, მივულოცავ მოწინააღმდეგეს, ანგარიშიდან გამომდინარე ძალიან დაძაბული თამაში იყო. ვიმედოვნებ მეორე წელს ისევ გავალთ ფინალში. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, წარმატებები ყველა გუნდს. მიღებული ჯილდო ჩემთვის ძალიან კარგია. ალბათ ბოლო ფაქტორი მაინც გოლი იყო, ეს ჯილდო ერთ-ერთი მოტივაციაა ჩემთვის“.

გიორგი ლობჟანიძე, ენერგო-პრო: „ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით, რადგან მთელი სეზონი დაგვიფასდა. გავიმარჯვეთ. ბევრი ვიშრომეთ, რათა დღევანდელი დღე გამარჯვებით დაგვესრულებინა. მთელმა გუნდმა გაიღო ყველაფერი რომ დღეს ენერგო-პრო ჩემპიონი გამხდარიყო. ვულოცავ მთლიანად ენერგო-პროს და მის გულშემატკივარს, ძალიან ბედნიერები ვართ ყველა. სხვათა შორის, არ ველოდი ინდივიდუალურ ჯილდოს. ყოველთვის მირჩევნია გუნდურად ავიღო ჯილდო, მაგრამ ესეც რომ დამიფასდა ორმაგად ბედნიერი და გახარებული ვარ. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ტიტული და მადლობა ამისთვის ყველას. შემდეგ წელს ვიქნებით კიდევ უკეთესები და ვეცდებით უფრო მაღალი შედეგები მივიღოთ ზედა ლიგაში“.



  © SBM, 2016-2024