ბრინჯაოს ლიგაში საუკეთესო ფეხბურთელები გამოვლინდნენ!
ყველა სიახლებრინჯაოს ლიგის 2022/23 წწ. სეზონის საჩემპიონო მატჩში „მეამა“-მ „რუსთავის აზოტთან“ 3-0 იმარჯვა და ოქროს მედლებს დაეუფლა.
საკვალიფიკაციო ლიგის შარშანდელ ფინალისტებს შორის გამართული დასკვნითი დაპირისპირება კვლავ „მეამა“-ს სასარგებლოდ დასრულდა და გუნდმა ზედიზედ მეორე ჩემპიონობა იზეიმა. პირველი ტაიმი „მეამა“-მ ორბურთიანი უპირატესობით მოიგო. ოცდამეთვრამეტე წუთზე სხვაობა სამამდე გაიზარდა. გამარჯვებულმა გუნდმა კარი მშრალად ბოლომდე შეინახა და საბოლოო ანგარიში 3-0 დაფიქსირდა. ფინალში თითო გოლია გოგა მამარდაშვილის, ვახტანგ დეისაძის და გიგა ესიტაშვილის სახელზე.
ფინალური მატჩის შემდეგ ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები „რუსთავის აზოტის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა დოლიძემ და სპორტული სააგენტო SBM-ის CEO-მ ზაალ ჩიტალაძემ დააჯილდოვეს.
ბრინჯაოს ლიგის საუკეთესო მეკარე ნიკა ნაროზაშვილი („აზოტი“) გახდა. საუკეთესო მცველად გოგა მამარდაშვილი ("მეამა") დასახელდა. საუკეთესო უნივერსალის ჯილდო გიორგი ახვლედიანს („აზოტი“) გადაეცა. საუკეთესო თავდამსხმელის ტიტული გიგა ესიტაშვილმა („მეამა“) მიიღო. საუკეთესო ასისტენტი 7 შედეგიანი გადაცემით და საუკეთსო ბომბარდირი 12 გატანილი გოლით გიორგი თოთლაძეა (NS Studio). ბრინჯაოს ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ლუკავა ("მეამა") დასახელდა.
Sbm.ge გთავაზობთ დაჯილდოების შემდგომ კომენტარებს:
ნიკა ნაროზაშვილი, აზოტი: „ჩვენდა სამწუხაროდ, მეორედაც დავმარცხდით მეამასთან. გვინდოდა ნამდვილად მოგება. ვიბრძოლეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. მადლობა მეამას, ასევე ორგანიზატორებს ასეთი კარგი ტურნირისთვის და წარმატებებს ვუსურვებ მოწინააღმდეგეს. ცოტა არეულად დავიწყეთ თამაში თავიდანვე შეხვედრა, გვეტყობოდა ნერვიულობა, მაგრამ როგორც მოხდა ეს იყო და ეს. რომ ვთქვა დიდი სიხარული მომანიჭა მიღებულმა პრიზმა-მეთქი, ძალიან ვიცრუებ, რადგან რომ გამემარჯვა უფრო უკეთესი იქნებოდა ეს ყველაფერი“.
გიორგი ლუკავა, მეამა: „ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს ამ კარგი სეზონისთვის. ძალიან დაძაბული და ძლიერი ჩემპიონატი იყო. დიდი შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ ფინალამდე მოვსულიყავით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. „აზოტის“ ბიჭებს მეორე სეზონია ვეთამაშებით, ძლიერი გუნდია, დიდ წინააღმდეგობას გვიწევდნენ და მადლობა მათ. მიღებული პრიზით ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, იმედია მომავალშიც გავიმარჯვებთ“.
გოგა მამარდაშვილი, მეამა: „რა თქმა უნდა, გამარჯვებით დასრულება ყოველთვის სასიხარულოა. დრამატული სეზონი გამოვიდა. თავიდან ბევრი წაგება იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მოვახერხეთ მობილიზება, ფინალში ალბათ ყველაზე დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. კმაყოფილი და გახარებული ვარ. ვულოცავ ჩემ გუნდს და მადლობა ასეთი კარგი ჩემპიონატისთვის და მაღალი თამასისთვის. ძალიან სასიამოვნოა და გამიხარდა სეზონის საუკეთესო მცველად დასახელება“.
ბრინჯაოს ლიგის 2022/23 წწ. სეზონი „მეამა“-ს გამარჯვებით დასრულდა და გუნდმა ზედიზედ მეორე ტიტული მოიპოვა.