საკვალიფიკაციო ლიგის საუკეთესო ექვსეული!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის საკვალიფიკაციო ლიგის ფინალში „ლიბერთი ბანკმა“ „საქართველოს ბანკი“ 5-1 დაამარცხა და ჩემპიონობა პირველად იზეიმა.
„ბანკირების დერბის“ პირველ ტაიმში „ლიბერთიმ“ მეტოქეს ერთწუთიან ინტერვალში ორი ბურთი გაუტანა და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. BOG-მა პრესტიჟის გოლის გატანა ოცდამეთოთხმეტე წუთზე შეძლო. გუნდს გამარჯვებაში თითო გოლით ლაშა გურგენიძე, აკაკი ტეტუნაშვილი, გიორგი გაგუა და კახა ტოგონიძე დაეხმარნენ.
ფინალის შემდეგ ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშეების გამოვლინდნენ. ნომინანტებს პრიზები ლიბერთი ბანკის საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ დავით დავითაშვილმა, ლიბერთი ბანკის დირექტორმა გიორგი გვაზავამ და სპორტული სააგენტო SBM-ის CEO-მ ზაალ ჩიტალაძემ გადასცეს.
საკვალიფიკაციო ლიგის საუკეთესო მცველად ირაკლი გამყრელიძე (BOG) დასახელდა. საუკეთესო უნივერსალი გიორგი წივილაშვილი (BOG) გახდა. საუკეთესო ასისტენტი 8 შედეგიანი გადაცემით კახა ტოგონიძეა ("ლიბერთი"). საუკეთესო თავდამსხმელის ჯილდო შოთა ბადალოვმა ("ბაზისბანკი") მიიღო. საუკეთესო ბომბარდირის წოდება 15 გატანილი გოლით ლევან ჩიხრაძემ (უკრაინა) მოიპოვა. სეზონის საუკეთესო მეკარედ და საუკეთესო მოთამაშედ ნიკოლოზ მუშკუდიანი ("ლიბერთი") დასახელდა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი წივილაშვილი, BOG: „სეზონს დადებითად ვერ შევაფასებდი, ფინალში ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა. დიდი დანაკლისით ვთამაშობდით. ჩემი აზრით, ბიჭებმა მაქსიმალური გავაკეთეთ, უბრალოდ გვაჯობა მეტოქემ და დამსახურებულად გაიმარჯვა. მადლობა ბიზნეს ლიგას ამ ჯილდოსთვის, მეორეჯერ გავხდი უკვე და ბევრ წარმატებას ვუსურვებ ჩემპიონატს“.
ირაკლი გამყრელიძე, BOG: „მოგეხსენებათ, რომ A დივიზიონიდან გადმოვედით საკვალიფიკაციო ლიგაში და მეოთხედფინალიდან ჩავერთეთ ამ გათამაშებაში. გავედით ფინალში. როგორც ყოველთვის, ფინალი დაძაბული არის. მივულოცავ მეტოქეს, დამსახურებულად გაიმარჯვეს. პირველი ორი ბურთის მერე გავტყდით ასე ვთქვათ, გვინდოდა გათანაბრება, მაგრამ ვეღარ შევძელით. ვეცდებით შემდეგ სეზონში გამოვასწოროთ ჩვენი სატურნირო მდგომარეობა, კიდევ ერთხელ გავიდეთ ფინალში როგორც ყოველთვის ვაკეთებდით და ამჯერად მოვიგოთ“.
ნიკოლოზ მუშკუდიანი, ლიბერთი: „ძალიან კარგი თამაში გამოდგა. საკვალიფიკაციო ლიგის დაწყებისთანავე ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ ბრძოლაში, შესაბამისად მოვედით ფინალამდე და ის სასურველი შედეგი დავდეთ, რაც ჩვენ გუნდს პირველივე დღიდან მიზნად ჰქონდა. მადლობა ორგანიზატორებს იმისათვის, რომ ჩვენ, ვეტერან თუ მოქმედ ფეხბურთელებს, საშუალებას გვაძლევს, რომ ისევ ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვროთ და სამსახურის შემდეგ მსგავსი რაღაცით განვიტვირთოთ. ემოციებით ვარ დატვირთული, ნამდვილად სასიხარულოა, როდესაც ასეთ პრიზს იღებ და დღევანდელი დღით ძალიან ბედნიერი ვარ“.
საკვალიფიკაციო ლიგის 2022/23 წწ. სეზონი „ლიბერთი ბანკის“ გამარჯვებით დასრულდა.