საკვალიფიკაციო ლიგის გამარჯვებული "ლიბერთი ბანკი" გახდა!

ყველა სიახლე
10 ივნისი 2023

საკვალიფიკაციო ლიგის გამარჯვებული

საკვალიფიკაციო ლიგის 2022/23 წწ. სეზონის გამარჯვებული „ლიბერთი ბანკი“ გახდა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რიგით მეთხუთმეტე სეზონის პირველ ფინალში ერთმანეთს „ლიბერთი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ დაუპირისპირდნენ. „ბანკირების დერბი“ „ლიბერთის“ სასარგებლოდ 5-1 დასრულდა და გუნდმა პირველი ჩემპიონობა იზეიმა.

პირველ ტაიმში BOG-მა ერთწუთიან ინტერვალში ორი გოლი მიიღო, რის შემდეგაც თამაშის შემოტრიალება ვეღარ შეძლო და პრესტიჟის გოლი ოცდამეთოთხმეტე წუთზე გაიტანა. გუნდს გამარჯვებაში თითო გოლით ლაშა გურგენიძე, აკაკი ტეტუნაშვილი, გიორგი გაგუა და კახა ტოგონიძე დაეხმარნენ.

Sbm.ge გთავაზობთ ფინალის შემდგომ კომენტარს:

კახა ტოგონიძე, ლიბერთი ბანკი: „პირველ რიგში, ძალიან რთული სეზონი იყო. დასაწყისში ბევრი დასანანი მარცხი გვქონდა, რის შემდეგაც მოგვიწია რაღაც-რაღაცებს შორის არჩევანის გაკეთება. ვფიქრობ სწორად მოვიქეცით. საწყის ეტაპზე ისე არ ვიყავით შეთამაშებული, როგორც გვინდოდა. ფინალი თავიდანვე ჩვენი კარნახით წავიყვანეთ და ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც გავხდით ჩემპიონები. ორბურთიანი უპირატესობის შემდეგ გუნდს გაუჭირდა მალევე დაბრუნებულიყო თამაშში, მაგრამ რას ვიზამთ, ფეხბურთში ხდება მსგავსი რამ. მადლობა ჩემს გუნდს, პირველ რიგში რომ მენდნენ როგორც მწვრთნელს. ბიჭების და გულშემატკივრების გვერდში დგომით გავხდით ჩემპიონები. ემოციებს ვერ ვთოკავ ჯერაც, დიდხანს ველოდებოდით ამ გამარჯვებას. გულშემატკივარი ჩვენი ძლიერი მხარე იყო, მოედანზეც ხდებოდა ის, რაც ტრიბუნაზე, ამიტომ მადლობა მათ“.

აღსანიშნავია, რომ „ლიბერთი ბანკმა“ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე ცხრაწლიანი ასპარეზობის შემდეგ ფინალში პირველად ითამაშა და ტიტული მოიპოვა.



  © SBM, 2016-2024