"ბუკმეიკერების" ბრძოლა ფინალისთვის "კროკო"-ს სასარგებლოდ დასრულდა!

ყველა სიახლე
10 ივნისი 2023

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის სუპერლიგის ფინალში „შსს“-ს მეტოქე „კროკობეთი“ იქნება.

„კროკომ“ „ბეთლაივი“ განმეორებით შეხვედრაშიც დაამარცხა, ანგარიშით 5-0 და სუპერლიგის ფინალში პირველად ითამაშებს.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული საპასუხო მატჩი „ბუკმეიკერებს“ შორის თავიდანვე „კროკოს“ უპირატესობით წარიმართა. მეოთხე წუთზე გატანილი საწყისი გოლის შემდეგ უპირატესობა სოლიდური მეორე ტაიმში გახდა. შეხვედრაში დუბლით გიორგი კუხალაშვილი გამოირჩა. „ბეთლაივმა“პრესტიჟის გოლის გატანა ვერც მეორე დაპირისპირებაში შეძლო და ჩემპიონატს გამოეთიშა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი კუხალაშვილი, კროკობეთი: „ნახევარფინალი და წინა პლეიოფიც შეიძლება ითქვას მსუბუქად გავიარეთ. არ ველოდებოდით, ჩვენი მაქსიმუმიც არ გვიჩვენებია. მთავარი მაინც ფინალია, სადაც მცირე უპირატესობა მაინც „შსს“-ს აქვს. დიდი ხნის გუნდია, გამოცდილი, მაგრამ ფინალია და შანსები ჩვენც გვექნება. ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად და მიზანი ჩემპიონობა იქნება. რანგით უმაღლესი ლიგა აქამდე გვაქვს მოგებული, მაგრამ სუპერლიგის ფინალში პირველად ვითამაშებთ და ვეცდებით ოქროს ლიგის და ვერცხლის ლიგის შემდეგ, სუპერლიგაც მოვიგოთ“.

სუპერლიგის ფინალი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18 ივნისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024