"ნიკორა" ზედიზედ მესამე ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს!
ყველა სიახლეოქროს ლიგაში „ნიკორამ“ „ქართუ“ დამაჯერებლად, 6-1, დაამარცხა და ზედიზედ მესამე ტიტულის მოსაპოვებლად „ჯორჯიან მანგანეზთან“ იბრძოლებს.
მატჩის პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა. თამაშის განახლებიდან მალევე „ნიკორა“ წინ გავიდა და უპირატესობა აღარ დაუთმია. შეხვედრაში დუბლით და ორი საგოლე გადაცემით გიორგი ღონღაძე გამოირჩა. „ნიკორა“ ბრინჯაოს და ვერცხლის ლიგებში ჩემპიონობის შემდეგ ოქროს ლიგის მოგებას შეეცდება.
ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონობისთვის ერთმანეთს შარშანდელი საკვალიფიკაციო ლიგის ფინალისტები „მეამა“ და „რუსთავის აზოტი“ დაუპირისპირდებიან.
„ფარვანა“-ს და „მეამა“-ს შორის საპასუხო 1/2 ფინალური მატჩიც ფრედ დასრულდა, ანგარიშით 2-2. „მეამა“ შეხვედრაში ორჯერ ლიდერობდა, მაგრამ მიგელ მანასიანმა წონასწორობა ორივეჯერ აღადგინა. გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც „მეამა“-ს სასარგებლოდ 3-2 დასრულდა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი ღონღაძე, ნიკორა: „მოხარული ვარ ფინალში გასვლით. ცოტა რთული სეზონი გვქონდა. ხალხის ნაკლებობა გვაქვს გუნდში. თითქმის მთელი სეზონია შეცვლის გარეშე გვიწევს თამაში, ხედავს ამას მაყურებელიც. დღეს ვუყურეთ ფინალში ჩვენი მოწინააღმდეგის თამაშს და ძალიან ძლიერი გუნდია. შესაბამისად, დაძაბული ორთაბრძოლა იქნება. ბრინჯაოს და ვერცხლის ლიგები მოვიგეთ, ახლა შევეცდებით ზედიზედ მესამე ტიტული მოვიპოვოთ და ოქროს ლიგაც მოვიგოთ“.
ვახტანგ დეისაძე, მეამა: „ძალიან ძლიერი მეტოქე იყო „ფარვანა“. ორივე თამაშში გაგვიჭირდა, წინ გავდიოდით და შეცდომების გამო გვითანაბრებდნენ შემდეგ. საბოლოოდ მაინც მოვიგეთ. მიხარია ძალიან და ბედნიერები ვართ. „აზოტი“ ჩვენთვის ნაცნობი მეტოქეა, მათთვის ფინალიც მოგებული გვაქვს და უფრო გამარჯვებულის მენტალიტეტით გავდივართ, ისევ ჩემპიონობის იმედი გვაქვს“.
დღის ბოლოს სუპერლიგის პირველი ფინალისტი „შსს“-ს და „დიპლომატ ჯორჯია“-ს შორის გამოვლინდება.