GM-მა 1/2 ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და პენალტებში იმარჯვა!

ყველა სიახლე
04 ივნისი 2023

GM-მა 1/2 ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და პენალტებში იმარჯვა!

ოქროს ლიგის პირველი ფინალისტი „ჯორჯიან მანგანეზი“ გახდა. “GM“-მა „არმია“-ს ნახევარფინალის საპასუხო მატჩში 2-1 სძლია, სერიაში ანგარიში გაათანაბრა და პენალტებში 1-0 იმარჯვა.

პირველი ტაიმი „ჯორჯიან მანგანეზმა“ 2-0 მოიგო. ოცდამეთერთმეტე წუთზე „ძალოვნებმა“ ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ სხვაობის აღმოფხვრა სრულად ვერ მოახერხეს და განმეორებით შეხვედრაში დამარცხდნენ. „საფეხბურთო ლატარეაში“ „GM“-ის მეკარემ, ოთარ მაჭავარიანმა ორი ბურთი მოიგერია და გუნდი ფინალში გავიდა.

ვერცხლის ლიგის ჩემპიონობისთვის „ენერგო-პრო“-ს ფინალში „დი ეიჩ ელი“ დაუპირისპირდება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული საპასუხო მატჩიც ფრედ დასრულდა, ანგარიშით 2-2. „ფარმაცევტები“ მეშვიდე წუთზე დაწინაურდნენ. ტაიმის მიწურულს მეტოქემ წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევარში ზურაბ თარაშვილმა დუბლი გაიფორმა და „ავერსი“ წინ გავიდა. DHL-ის რიგებიდან ანგარიში მეორედ ბექა კამლაძემ გაათანაბრა. გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა. „DHL“-მა სერიაში 3-2 იმარჯვა და ფინალის საგზური მოიპოვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ბექა კამლაძე, DHL: „ვთვლი, რომ „ავერსი“ საკმაოდ ძლიერი გუნდია. ორივე თითქმის თანაბარ ფეხბურთს ვთამაშობთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ უფრო მეტად მოვინდომეთ, ვიბრძოლეთ და ხასიათით მოვიგეთ. პენალტებშიც გაგვიმართლა, ბოლოს მეტოქის ფეხბურთელმა ააცილა და ამის ხარჯზე ფინალში გავედით. ძალიან სასიამოვნო თამაში იყო. ემოციურად ცოტა ზედმეტი მოგვივიდა, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ფეხბურთია და ხდება ხოლმე. „ენერგო-პრო“ ძალიან ძლიერია, მაგრამ ფინალში წინასწარ ვერ იტყვი, რადგან წნეხია და ნერვიულობა ახლავს თან, შესაბამისად შანსები თანაბრად გვაქვს“.

დავით ქორიძე, GM: „ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ბიჭები გახარებულები ვართ. ემოციური თამაში გამოდგა. პირველი შეხვედრა წაგებული გვქონდა, თუმცა შევძელით და „დავაქამბექეთ“, ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო და პენალტების სერიაში გავიმარჯვეთ. წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფინალი, რაც აუცილებლად მოსაგებია. მიუხედავად იმისა, რომ დებიუტანტი გუნდი ვართ, ყველანაირად ვცდილობთ წარმატებას მივაღწიოთ და ამ ყველაფერში კომპანია GM ძალიან გვეხმარება“.

ოქროს ლიგის მეორე ფინალისტი „ბანკი ქართუ“-ს და „ნიკორა“-ს შორის გამოვლინდება.



  © SBM, 2016-2024