"ენერგო-პრო" ვერცხლის ლიგის ფინალში ითამაშებს!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრები მიმდინარეობს.
„ენერგო-პრო“-მ „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ დამაჯერებელი ანგარიში 8-1 დაამარცხა და ვერცხლის ლიგის ფინალის საგზური მოიპოვა. „ენერგეტიკოსების დერბიში“ „ენერგო-პრო“-მ უპირატესობა პირველივე წუთზე მოიპოვა. მეტოქემ პირველ ტაიმში ერთი ბურთი გაქვითა (3-1), მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში კიდევ ხუთი გოლი მიიღო. გამარჯვებული გუნდიდან ჰეთ-თრიკი ლუკა გოგუაძემ გაიფორმა.
ბრინჯაოს ლიგის ფინალში ითამაშებს „რუსთავის აზოტი“, რომელმაც „NS Studio”-ს დაძაბულ შეხვედრაში 3-2 სძლია. მეორე წუთზე მიღებულ გოლს „ენ ეს სტუდიო“-მ ოცდაათ წამში უპასუხა. აზოტმა პირველივე ტაიმში შეძლო ორი ბურთით წინ გასვლა. ოცდამეშვიდე წუთზე გიორგი ივანიშვილმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლუკა გოგუაძე, ენერგო-პრო: „ძალიან გახარებული ვარ. ვფიქრობ, ვიმსახურებდით, რადგან ეს შედეგი რომ დაგვედო ძალიან დიდი შრომა გავიღეთ. GSE ძალიან მაგარი გუნდია, პირველ თამაშშიც გამოჩნდა ეს. დღეს კარგად დავიწყეთ თამაში და ამის ხარჯზე დიდი ანგარიშითაც გავიმარჯვეთ. პირველ თამაშში ვერ გამოვიყენეთ ჩვენი მომენტები და შედეგიც შესაბამისი იყო. ველოდებით მოწინააღმდეგეს, „ავერსი“ და “DHL” ორივე კარგი გუნდია. ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ“.
ამირან გოგინავა, რუსთავის აზოტი: „მადლობა მოწინააღმდეგეს ასეთი ლამაზი და საუკეთესო თამაშისთვის. ვულოცავ „აზოტს“ ფინალში გასვლას. გვქონდა დასახული მიზნად ფინალში თამაში. ველოდებით მოწინააღმდეგეს. „მეამა“-ს და „ფარვანა“-ს შორის, სიმართლე გითხრათ, მინდა შარშანდელმა გამარჯვებულმა „მეამა“-მ მოიგოს. ჩვენი მეგობრები არიან და ვუსურვებ მათ წარმატებას. ასე მეგობრული რევანშის აღების შანსიც გვექნება“.
დღის ბოლომდე ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგაში "ენერგო-პრო"-ს და "რუსთავის აზოტი"-ის მეტოქეები გამოვლინდებიან.