"თსუ 2"-მა ლიგა 2-ის ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა!

ყველა სიახლე
02 ივნისი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის გამარჯვებული „თსუ 2“ გახდა. ფინალური სერიის გადამწყვეტ, მეხუთე მატჩში „სტუდენტებმა“ „ქუთაისი 2“ 4-0 დაამარცხეს და ლიგა 2-ის თასს მეორედ დაეუფლნენ. სადებიუტო სეზონის ჩემპიონებმა ტიტული სამწლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნეს.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული დაპირისპირება სანახაობრივი გამოდგა. მეათე წუთზე ანგარიში საბა ეგრისელაშვილმა გახსნა. „ქუთათურებმა“ წონასწორობის აღდგენა ვერ შეძლეს. ჩემპიონებმა ანგარიში სოლიდური უკანასკნელ ოთხ წუთში გახადეს. სხვაობა ორამდე ალექსი ტკაჩოვმა შორეული მანძილიდან გატანილი ულამაზესი გოლით გაზარდა. ფინალში თითო გოლი მიითვალეს გრიგოლ ბოხაშვილმა და გეგა კოშაძემ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

დავით ბობოხიძე, თსუ 2-ის მთავარი მწვრთნელი: „ლიგა 2-ის პირველი ჩემპიონები ვართ. იმის შემდეგ ახალი გუნდი გავაკეთეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მოვდიოდით ამ წარმატებისკენ. უკვე მესამე წელი გავიდა და მინდა ბიჭებს ეს შრომა დავუფასო, მადლობა გადავუხადო. სეზონი მძიმედ დავიწყეთ, თუმცა შუა გზაში გავძლიერდით. უფრო მობილიზებულები გავხდით. რა თქმა უნდა, ჩემპიონობა დავისახეთ მიზნად და ჩვენი გულშემატკივრების, ხელმძღვანელების, მთლიანად სტაფის, ფეხბურთელების წყალობით ამ დიდ წარმატებას მივაღწიეთ. კიდევ ერთხელ ვულოცავ „თსუ“-ს და ყველას, ვინც ჩვენთან ერთად იზეიმა ეს ჩემპიონობა“.

გასული სეზონის გამარჯვებული „ქუთაისი 2“ ვერცხლის მედლებს დაეუფლა, ლიგა 2-ის მესამე ადგილოსანი დებიუტანტი „წალენჯიხა“ გახდა.



  © SBM, 2016-2024