საკვალიფიკაციო ლიგის ფინალისტების ვინაობა ცნობილია!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის საკვალიფიკაციო ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. ფინალის საგზური „საქართველოს ბანკმა“ და „ლიბერთი ბანკმა“ მოიპოვეს.
„ლიბერთი ბანკის“ და „ბაზისბანკის“ საპასუხო დაპირისპირება ფრედ 1-1 დასრულდა. „ბანკირების“ დერბიში ანგარიში მერვე წუთზე გაიხსნა და შოთა ბადალოვმა „ბაზისბანკი“ დააწინაურა. აკაკი ტეტუნაშვილმა წონასწორობა ტაიმის დასრულებამდე აღადგინა და პირველ შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობით „ლიბერთი“-მ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
„უკრაინა“-მ „საქართველოს ბანკი“ ძირითად დროში 3-2 დაამარცხა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საწყის წუთებში “BOG” ლიდერობდა. მეტოქემ მალევე გაათანაბრა და წინ გავიდა. „ბანკირებმა“ მეთოთხმეტე წუთზე ჩამორჩენა აღმოფხვრეს, მაგრამ თამაშის ბოლო წუთზე „უკრაინა“-მ მესამე გოლი გაიტანა. წყვილში პირველი მატჩი „საქართველოს ბანკის“ უპირატესობით დასრულდა, რის გამოც, ფინალისტის გამოსავლენად პენალტების სერია გაიმართა. „საფეხბურთო ლატარეაში“ BOG-მა 3-2 იმარჯვა და საკვალიფიკაციო ლიგის თასისთვის „ლიბერთი ბანკს“ დაუპირისპირდება.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ილია ქემაშვილი, საქართველოს ბანკი: „საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა ორივე მატჩი. მოწინააღმდეგეს მადლობა კარგი თამაშისთვის. ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა ორგანიზატორებს ასეთი კარგი ტურნირისთვის, რადგან გვეძლება შესაძლებლობა დავკავდეთ ჩვენი საყვარელი საქმიანობით, ფეხბურთის თამაშით. ფინალში ვინც არ უნდა გვყავდეს, ძალიან დაძაბული იქნება. ვეცდებით შეცდომები გამოვასწოროთ და გამარჯვებას მივაღწიოთ“.
ნიკოლოზ მუშკუდიანი, ლიბერთი ბანკი: „დაძაბული მატჩი იყო. პირველი მატჩიდან უპირატესობა გვქონდა. მეტოქემ კარგი და ლამაზი ფეხბურთი გვაჩვენა. ფინალში „საქართველოს ბანკს“ ვხვდებით, რომელიც გამოცდილი გუნდია და წლებია ამ ლიგაზე ასპარეზობს. სანახაობრივ თამაშს გპირდებით ფინალშიც“.
საკვალიფიკაციო ლიგის ფინალი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 10 ივნისს გაიმართება.