ლიგა 2-ის ჩემპიონი მეხუთე მატჩში გამოვლინდება!

ყველა სიახლე
27 მაისი 2023

ლიგა 2-ის ჩემპიონი მეხუთე მატჩში გამოვლინდება!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის ჩემპიონი მეხუთე, გადამწყვეტ მატჩში გამოვლინდება. „ქუთაისი 2“-მა „თსუ 2“-თან ძირითად დროში ანგარიში ბოლო წუთზე გაათანაბრა (1-1) და საბოლოოდ დაძაბულ პენალტების სერიაში 7-6 იმარჯვა.

ფინალური შეხვედრის პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა. ოცდამეხუთე წუთზე „თსუ“ გეგა კოშაძის გოლით დაწინაურდა. ბაკურ გულუამ სირენამდე ერთი წუთით ადრე თამაშის გადარჩენა შეძლო და წონასწორობა აღადგინა. დამატებით სამწუთიანი ტაიმებში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. საბოლოოდ კი პენალტების სერიაში „ქუთათურებმა“ მეტოქეს 7-6 სძლიეს და სერიაში ანგარიში 2-2 გახადეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გეგა კოშაძე, თსუ 2: „მართლაც დაძაბული თამაში გამოვიდა, როგორც ჩემი აზრით ფინალს შეეფერება. მადლობა მაყურებელს, კარგი მუხტი იყო. კარგი დაპირისპირება გაგვიწია მოწინააღმდეგემ. პირველი ტაიმი ძალიან ცუდად დავიწყეთ, რაღაც არეულები ვიყავით. შემდეგ, ჩემი აზრით, მეორე ტაიმში უპირატესობა გვქონდა. დაცვაშიც კარგად ვიდექით, მაგრამ საბოლოოდ ბოლო წამებზე ჩვენი პატარა შეცდომით გოლი გავიდა. დამატებითი დრო და პენალტები უკვე ლატარეაა. გადამწყვეტ მატჩში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ“.

ბაკურ გულუა, ქუთაისი 2: „როცა ორი თანაბარი დონის გუნდი თამაშობს, სხვაგვარად წარმოუდგენელია. იყო უშეღავათო ბრძოლა. მადლობა ჩვენს ბიჭებს, რადგან შეუძლებელს აკეთებენ. დარწმუნებული ვარ, ბოლო თამაშიც ასეთი სანახაობრივი და დაძაბული იქნება, რომელშიც იმედია გავიმარჯვებთ. პენალტების სერიაში დაძაბულობა, დაღლილობა და ყველაფერი თავს იჩენს, მაგრამ დღეს ჩვენ გაგვიმართლა“.

ფუტსალის ლიგა 2-ის ჩემპიონის ტიტულის მფლობელს მეხუთე მატჩი გამოავლენს.



  © SBM, 2016-2024