ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში 1/2 ფინალური ეტაპი დაიწყო!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის პირველი 1/2 ფინალური შეხვედრები მიმდინარეობს.
ვერცხლის ლიგის პირველ დაპირისპირებაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. „დი ეიჩ ელი“ და „ავერსი“ ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 1-1. მეცამეტე წუთზე პაატა მიგინეიშვილმა „ფარმაცევტები“ დააწინაურა, მომდევნო წუთზე გიორგი ასალამაზაშვილმა წონასწორობა აღადგინა, რის შემდეგაც, ანგარიში აღარ შეცვლილა და განმეორებით მატჩს ორივე გუნდი თანაბარი შანსებით შეხვდება.
დღე ოქროს ლიგით დაიწყო. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ „ნიკორა“-მ „ბანკი ქართუ“ კომფორტული სხვაობით 5-1 დაამარცხა. ოცდამესამე წუთზე ანგარიში „ბანკირებმა“ გახსნეს. მალევე „ნიკორა“-მ წონასწორობა აღადგინა და მეტოქეს ზედიზედ ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. შეხვედრაში ჰეთ-თრიკით ნიკა ჯოლოხავა გამოირჩა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ნიკა ჯოლოხავა, ნიკორა: „ვისაც არ უნდა ეთამაშებოდე, ნახევარფინალური მატჩები ყოველთვის დაძაბულია. თავიდან ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვქონდა დაგეგმილი, შეცდომები დავუშვით და მომენტებიც ვერ გამოვიყენეთ. სანამ გოლი არ გავუშვით, ვერ მოვედით აზრზე. შემდეგ მოვუმატეთ და ეს შედეგზეც აისახა. მაქსიმალურად გამოვიყენეთ მომენტები. ქართუმ იბრძოლა, კარგად მობილიზებულები იყვნენ. მეორე შეხვედრაში ველოდები, რომ მეტოქე შეტევაზე ორიენტირებული იქნება უფრო, რადგან აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ. ჩვენ ვეცდებით იმავენაირად ვითამაშოთ“.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის, ოქრო, ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგის პირველი 1/2 ფინალური შეხვედრები დღის ბოლომდე გაგრძელდება.