"თსუ 2"-მა ქუთაისში საჩემპიონო სერიის მესამე მატჩში იმარჯვა!

ყველა სიახლე
20 მაისი 2023

ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის საჩემპიონო სერიის მესამე შეხვედრა გაიმართა. „თსუ 2“-მა „ქუთაისი 2“ საკუთარ კედლებში 4-1 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულამდე ერთი მოგება აშორებს.

მატჩის პირველი ნახევარი „სტუდენტებმა“ მეშვიდე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს. მეორე ტაიმში სხვაობა ოთხ ბურთამდე გაიზარდა. დუბლი შალვა კაპანაძემ გაიფორმა. „თსუ“-მ თითქმის ბოლომდე შეძლო კარის მშრალად შენახვა, მაგრამ თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ლაშა ჭეიშვილმა პრესტიჟის გოლი გაიტანა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლაშა ჭეიშვილი, ქუთაისი 2: „მივულოცავ თსუ-ს გამარჯვებას. დღეს გუნდმა და მწვრთნელმა ისეთი ტაქტიკა შემოგვთავაზეს, რომელიც წინა ორისგან განსხვავებული იყო. ცოტა არიყოს გაგვიჭირდა და ჩვენი შესაძლებლობების მხოლოდ ოცი-ოცდაათი პროცენტი ვაჩვენეთ. გადავხედავთ დღევანდელ თამაშს, გავაანალიზებთ ყველაფერს და უფრო მოვემზადებით, რათა ასე მარტივად ვეღარ მოგვიგონ. მეოთხე თამაშში ვეცდებით ჩვენც რაიმე განსხვავებული შევთავაზოთ მეტოქეს. გპირდებით, რომ სანახაობრივი მატჩი იქნება“.

ალექსი ტკაჩოვი, თსუ 2: „ჩვენი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, თავიდანვე აქტიური პრესინგის თამაში დავიწყეთ, რამაც, შეიძლება ითქვას, ცოტა დაბნეულობა გამოიწვია მოწინააღმდეგეში. ჩავჭერით ბურთი და კონტრშეტევები წავიღეთ, რამდენიმე გოლი ასეც გავიტანეთ და კიდევ ბევრის გატანა შეგვეძლო. ცოტა მეტი ცივსისხლიანობა უნდა გამოგვეჩინა. აქამდეც ძალიან დიდი ბრძოლები გადავიტანეთ ქუთაისთან. ქუთაისში ორი თამაშიდან ერთის მოგება რთული იყო. თბილისშიც არ იქნება მარტივი, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვეცდებით ჩვენი თამაში ვაჩვენოთ და გამარჯვება ასე მოვიპოვოთ“.

საჩემპიონო სერიის მეოთხე დაპირისპირება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 27 მაისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024