„წალენჯიხა“-მ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა!

ყველა სიახლე
15 მაისი 2023

„წალენჯიხა“-მ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა!

„წალენჯიხა“-მ ფუტსალის ლიგა 2-ში სადებიუტო ასპარეზობა ბრინჯაოს პრიზიორობით დაასრულა და ფუტსალის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. გორის სპორტის სასახლეში გამართულ საპასუხო მატჩში „მეგრელებმა“ „გორი“ 7-1 დაამარცხეს და მესამე ადგილი დაიკავეს.

მეექვსე წუთზე ადგილობრივები ლუკა მაყიშვილის გოლით დაწინაურდნენ. „წალენჯიხა“-მ მალევე აღადგინა წონასწორობა და პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. მეორე ნახევარში „გორმა“ სხვაობის შემცირება ვერ შეძლო და სერიის ორივე მატჩში დამარცხდა. შეხვედრაში დუბლი ზაზა ხაფავამ გაიფორმა.

"გორი" უმაღლესი ლიგაში მოსახვედრად "ილიაუნი"-სთან პლეი-აუტს ითამაშებს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ალექსანდრე ღვინჯილია, წალენჯიხა: „ჩვენთვის ეს იყო ოცნებაც და მიზანიც, რაც საბოლოო ჯამში რეალობად ვაქციეთ, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ, ახლაც ემოციებს ვერ ვიკავებ. ფაქტობრივად, უბნიდან გადმოვედით აქ, ჩვენი პირველი სეზონია, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მწვრთნელს, რომელთან ერთადაც ძალიან დიდი პროგრესი განვიცადეთ. გულშემატკივრის მხარდაჭერას ჩემპიონატის ყველა ეტაპზე ვგრძნობდით, რაც დასაფასებელია. იმის კომპენსაცია, რომ პირველ სეზონში უფრო მეტს ვერ მივაღწიეთ, ფაქტობრივად, უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვება იყო. ეს დიდი გზის დასაწყისია. აუცილებლად მინდა SBM-ის საორგანიზაციო გუნდს გადავუხადო მადლობა, რომ არა ისინი აქ არ ვიქნებოდით და მათთან ერთად გავიზარდეთ“.

დავით ადუაშვილი, გორი: „წალენჯიხას მივულოცავ გამარჯვებას. ჩვენდა სამწუხაროდ, დაიმსახურეს ამ ბიჭებმა. რაც შეეხება მთელ სეზონს, თავიდან კარგად დავიწყეთ, რეგულარულ სეზონში მეორე ადგილზე გავედით. მთლიანობაში ექვსი-შვიდი მოთამაშე წავიდა გუნდიდან, შევსება არ გვქონდა და სამწუხაროდ, ამან ზედმეტად დაგვასუსტა. პლეი-აუტში უკეთეს პირობებში ალბათ ჩვენ ვიქნებით, რადგან ილიაუნის დიდი ხანია არ უთამაშია, ჩვენ კი ვთამაშობთ, ვვარჯიშობთ და უკეთეს ფორმაში უნდა ვიყოთ. უმაღლესის გუნდია და ვნახოთ რა იქნება“.

ფუტსალის ლიგა 2-ის საჩემპიონო სერიის მესამე დაპირისპირება ქუთაისის სპორტის სასახლეში 20 მაისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024