"დინამო თბილისი" ფუტსალის ლიგა 3-ის გამარჯვებულია!

ყველა სიახლე
15 მაისი 2023

ფუტსალის ლიგა 3-ის პირველი ჩემპიონის ტიტულს "დინამო თბილისი" დაუმარცხებლად დაეუფლა. რეგულარული სეზონის უპირობო ლიდერმა პლეი-ოფიც მარცხის გარეშე განვლო და "სეუ"-სთან ფინალური სერიის სამივე მატჩში იმარჯვა. 

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული დაპირისპირება "დედაქალაქელების" სასარგებლოდ 7-3 დასრულდა. "სტუდენტებმა" მეათე წუთზე გატანილი გოლით შეხვედრაში ანგარიში გახსნეს და წინ გავიდნენ, მაგრამ "დინამო"-მ მალევე აღადგინა წონასწორობა და დაწინაურდა. პირველ ტაიმში ზედიზედ ხუთი გატანილი გოლის შემდეგ "ლურჯ-თეთრებმა" გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს და საჩემპიონო გამარჯვება მიითვალეს. გამარჯვებულთა რიგებიდან ჰეთ-თრიკით და საგოლე გადაცემით ცოტნე მესხი გამოირჩა. 

sbm.ge გთავაზობთ მთავარი მწვრთნელების კომენტარებს:

ამირან ცხომარია, სეუ: "პირველ რიგში, დინამო თბილისს მივულოცავ დღევანდელ გამარჯვებას. ვფიქრობ, რომ დამსახურებულად მოიგეს. სერიაში სამით ნული არ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ფუტსალია და ყველაფერი ხდება. ჩვენი მიზანი თავიდანვე ლიგა 2-ში გადასვლა იყო, რაც შევასრულეთ. რაც შეეხება ტურნირის ორგანიზებას, დიდი ხანია ამ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობ მეც და უმაღლეს დონეზე ჩატარდა ყველაფერი. ვფიქრობ, რომ ლიგა 3-ის ჩემპიონატი შედგა. ლიგა 2-ში როგორც დინამო, ჩვენც უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. სამომავლო გეგმა მინიმუმ იმ ბირთვის შენარჩუნებაა, რაც გუნდში გვყავს. ვფიქრობ, რომ მათ აქვთ ის პოტენციალი, რომ იქაც იგივე შედეგი დადონ. ალბათ ერთი-ორ ფუტსალის გამოცდილ მოთამაშეს დავიმატებთ".

კახა მაისაია, დინამო: "შედგა დღევანდელი დღე და ყველას გილოცავთ ამას. სეუ-ს მადლობა ასეთი ღირსეული თამაშისთვის. ძალიან მიხარია, რომ ქართულ ფუტსალში მომავალი იზრდება. არიან ახალგაზრდა ბიჭები და მიხარია, რომ ისინი რამდენიმე წელიწადში თავის სიტყვას აუცილებლად იტყვიან. სეზონი იყო ძალიან პროდუქტიული. მადლობა ჩემს გუნდს ათმაგად, რადგან თითქმის ყველა დიდი ფეხბურთიდან არის გადმოსული და მალე აუღეს ალღო ფუტსალს. დინამოს სახელით მოგება პირველია ჩემთვის და უფრო მეტი პასუხისმგებლობაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ბრძოლას და მეორე ლიგისთვის მომზადებას".

2022/23 წწ. სეზონის ჩემპიონი "დინამო თბილისი" და ვიცე-ჩემპიონი "სეუ" მომავალ სეზონში ფუტსალის ლიგა 2-ში იასპარეზებენ.



  © SBM, 2016-2024