"ჯიპა" სადებიუტო სეზონში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა!
ყველა სიახლე"ჯიპა" ფუტსალის ლიგა 3-ის სადებიუტო სეზონის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. "სტუდენტებმა" "რუსთავთან" სერიაში ანგარიში შემოატრიალეს, გადამწყვეტ მატჩში 5-2 იმარჯვეს და მესამე ადგილს დაეუფლნენ.
შეხვედრა თავდაპირველად "რუსთაველების" უპირატესობით წარიმართა. მეცხრამეტე წუთზე "ჯიპა"-ს მეკარემ ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა მოიგერია და "სტუდენტებმა" ტაიმი მინიმალური ჩამორჩენით დათმეს. მეორე ნახევრის სტარტზევე თამაშში ანგარიში გათანაბრდა, ოცდამეექვსე წუთზე კი "ჯიპა" წინ გავიდა, რის შემდეგაც უპირატესობა აღარ დაუთმია. გადამწყვეტ დაპირისპირებაში საუკეთესო ოთხი გოლით გიორგი ხმალაძე იყო. "რუსთავი"-ს რიგებიდან დუბლი გიორგი თოდუამ გაიფორმა.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ოთარ ბერეჩიკიძე, ჯიპა-ს მთავარი მწვრთნელი: "ჩვენმა გუნდმა სეზონის სტარტიდან დღემდე დიდი პროგრესი განიცანადა. ცოტა მძიმედ დავიწყეთ ჩემპიონატი, მაგრამ ვინაიდან პირველი სეზონია ყველასთვის ეს მოსალოდნელიც იყო. ყველა შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოდით და რეგულარულ სეზონში ერთადერთი გუნდი ვიყავით ვინც უპირობო ლიდერს, დინამოს, ქულები დააკარგვინა, რამაც გუნდის განწყობაზე ძალიან დადებითად იმოქმედა. პლეი-ოფს უფრო მომზადებულები შევხვდით და პირველივე სეზონში საპრიზო ადგილის დაკავება, ვფიქრობ, კარგი შედეგია. "რუსთავი" გამორჩეული მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული და კარგი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, გამარჯვებული გადამწყვეტ მატჩში გამოვლინდა. მთლიანად ჩემპიონატს დადებითად შევაფასებდი და მადლობას გადავუხდი გუნდის ყველა წევრს იმ თავდადებისთვის და ბრძოლისუნარიანობისთვის, რაც გამოიჩინეს".
თორნიკე ზოიძე, ჯიპა-ს კაპიტანი: "პირველ რიგში, მადლობა "რუსთავს", ძალიან პერსპექტიული გუნდია, ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. რაც შეეხება დაძაბულ სერიას, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მატჩები მთლიანი სერიის მსგავსად წარიმართა. პირველმა მარცხმა გამოგვაფხიზლა. თამაშამდე ბოლო კვირა ძალიან კარგად მოვემზადეთ, რადგან ვხვდებოდით რამდენად მნიშვნელოვანი მატჩი იყო, თუმცა ჩვენი ძალის დემონსტრირება მხოლოდ მატჩის მეორე ნახევარში მოვახერხეთ. მადლობა ჩვენს გუნდს, გულშემატკივარს რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში გვერდით გვედგა და მადლოაბა ასევე ჩვენს უნივერსიტეტს GIPA-ს. სეზონის დასაწყისში ნამდვილად არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ მესამე ადგილს დავიკავებდით, თუმცა თავდაუზოგავ შრომას და მუშაობას შედეგი მოაქვს. ამ ეტაპზე მესამე ადგილი ჩვენი მაქსიმუმი იყო, თუმცა ყველაფერი წინ გვაქვს. ახლა დავისვენებთ და ახალი ძალებით დავიწყებთ შემდეგი სეზონისთვის მზადებას."
აღსანიშნავია, რომ "ჯიპა"-ს მოთამაშე, გიორგი ხმალაძე, ლიგა 3-ის საუკეთესო უნივერსალად დასახელდა, "რუსთავი"-ს რიგებიდან გიორგი თოდუამ კი საუკეთესო U19-ის პრიზი მიიღო.