"დინამო"-მ ფინალური სერიის მეორე შეხვედრაშიც იმარჯვა!

ყველა სიახლე
06 მაისი 2023

ფუტსალის ლიგა 3-ის სადებიუტო სეზონში „დინამო თბილისს“ ჩემპიონობამდე ერთი ერთი გამარჯვება აშორებს. განმეორებით მატჩში „დედაქალაქელებმა“ „სეუ“ კომფორტული ანგარიშით 8-3 დაამარცხეს და სერიაში ანგარიში 2-0 გახადეს.

თამაშის სტარტზე გუნდებმა თითო ბურთი გაცვალეს. მეცამეტე წუთზე „დინამო“ წინ გავიდა. რამდენიმე წამში „სტუდენტებმა“ საპასუხო გოლი გაიტანეს და წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე „ლურჯ-თეთრებმა“ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, რის შემდეგაც, მცდელობების მიუხედავად, „სეუ“ მეტოქეს ვეღარ დაეწია.

გამარჯვებული გუნდიდან დუბლი გიგა ლაგაზაშვილმა, ნიკა ოთინაშვილმა და ცოტნე მესხმა შეასრულეს. „სეუ“-ს რიგებიდან ორი გოლი ლუკა ალანიას სახელზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ცოტნე მესხი, დინამო: „ანგარიში თამაშის მიმდინარეობას, რა საკვირველია, არ ასახავდა, რადგან თავიდან ძალიან დაძაბული იყო. ჯერ „სეუ“ გავიდა წინ, შემდეგ ჩვენც გავათანაბრეთ. კლასმა ბოლოს თავისი ქნა, დაიღალა მეტოქე, თან ეჩქარებოდათ გოლის გატანა. მოვიგეთ თამაში და ძალიან გახარებული ვართ ყველა. მესამე მატჩისგან, რა თქმა უნდა, გამარჯვებას ველოდებით. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ჩემპიონატში ყველა თამაში გამარჯვებით დავასრულოთ. სამივე ფინალის მოგება გვინდა და აუცილებლად ასეც იქნება“.

სანდრო ობოლაძე, სეუ: „მშვენივრად ვიყავით მომზადებულები ამ თამაშისთვის, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ის გადმოგვეტანა, რასაც ვარჯიშებზე ვაკეთებდით. არ გამოგვივიდა დღევანდელი თამაში. პირველი ჩვენ გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ დავკარგეთ კონცენტრაცია. პირველი ტაიმის შემდეგ კი შეგვეძლო ანგარიში შემოგვეტრიალებინა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ და შემდეგი თამაშისთვის გამოვასწორებთ ამ ყველაფერს. პირველი თამაშისგან რადიკალურად განსხვავებული შეხვედრა იყო. მესამე თამაშში ყველაფერს  გავაკეთებთ რომ მოვიგოთ. ჩვენი მიზანი თავიდანვე ფინალში თასის აწევა იყო“.

ფუტსალის ლიგა 3-ის ფინალური სერიის მესამე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 14 მაისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024