ლიგა 3-ში მესამე ადგილოსანი გადამწყვეტ მატჩში გამოვლინდება!

ყველა სიახლე
06 მაისი 2023

ლიგა 3-ში მესამე ადგილოსანი გადამწყვეტ მატჩში გამოვლინდება!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონის ფინალური სერიის განმეორებითი შეხვედრები მიმდინარეობს.

მესამე ადგილისთვის გამართული საპასუხო მატჩი „ჯიპა“-ს და „რუსთავს“ შორის „სტუდენტების“ გამარჯვებით 5-3 დასრულდა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა.

საწყის შვიდ წუთში „რუსთავი“ წინ სამი ბურთით გავიდა. ტაიმის დასრულებამდე „ჯიპა“-ს რიგებიდან გიორგი ტაბახმელაშვილმა აქტივში დუბლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა და შეხვედრაში წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევარში „სტუდენტებმა“ კარი მშრალად შეინახეს და თამაში თავის სასარგებლოდ შემოატრიალეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გაბრიელ კიტეიშვილი, რუსთავი: „პირველ რიგში, უფრო ალბათ უიღბლობა იყო. გვეგონა, რომ ნელი ტემპით შეგვეძლო თამაშის მოგება, მაგრამ ხდება ხოლმე. იმედია, მესამე თამაში უკეთესი გამოგვივა და მომენტებს გამოვიყენებთ. პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ არც ერთი ფეხბურთელი ფორმაში არ ვართ. მესამე თამაშისთვის გამოვალთ ძალიან შემართებით, იმედია გავიმარჯვებთ და ავიღებთ მესამე ადგილს“.

გიორგი ტაბახმელაშვილი, ჯიპა: „თავიდან ცოტა სუსტად დავიწყეთ, პირველი ათი წუთი მობილიზება ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ შესვენებაზე დავილაპარაკეთ, ძალები მოვიკრიბეთ, მივხვდით რა მნიშვნელობის თამაშია. ამის შემდეგ თამაშის შემოტრიალება მოვახერხეთ და ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ. პირველივე ტაიმში მალევე რომ მოვახერხეთ ორი ბურთის გაქვითვა და ადვილად არ ჩამოვრჩით, შემდეგ უკვე მოსაგებად გამოვედით მეორე ტაიმში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პირველ სეზონს მესამე ადგილით დავასრულებთ“.

„ჯიპა“-ს და „რუსთავს“ შორის გადამწყვეტი შეხვედრა 14 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024