"წალენჯიხა" ბრინჯაოს პრიზიორობას მიუახლოვდა!

ყველა სიახლე
06 მაისი 2023

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის ფინალურმა სერიამ აიღო. „წალენჯიხა“-ს და „გორს“ შორის მესამე ადგილისთვის გამართული პირველი დაპირისპირება „მეგრელების“ გამარჯვებით 6-2 დასრულდა.

„წალენჯიხა“ საწყის წუთზე დაწინაურდა და შემდგომ უპირატესობა სამბურთიანი გახადა. ტაიმის დასრულებამდე „გორელებმა“ ერთი გოლი გაქვითეს, მაგრამ თამაშის შემოტრიალება ვერ შეძლეს და საბოლოოდ დიდი ჩამორჩენით დამარცხდნენ. გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო ალექსანდრე ღვინჯილია იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი გაიფორმა. გოლი და ორი საგოლე გადაცემაა ლუკა ჯოლოხავას სახელზე. „გორელების“ რიგებიდან დუბლი ლუკა მაყიშვილმა გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლუკა მაყიშვილი, გორი: „დასანანი მარცხი იყო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკვე მეორე თამაშია მსაჯების არასწორი გადაწყვეტილება რაღაც კონკრეტულ მომენტებში თამაშზე გავლენას ახდენს. წითელი ბარათი, დარღვევები, ასე ვთქვათ, ბევრ შეცდომას უშვებენ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენგან ასე ჩანს, შეიძლება მარცხის გამოა ეს ყველაფერი, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ მაინც არ გვიდგებიან ისე, როგორც საჭიროა. დასანანია ეს ფაქტი, რადგან სულს და გულს ვდებთ. შემდეგი თამაში გორშია, ჩვენს კედლებში ხალხის ფაქტორიც იმოქმედებს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, ჩვენს მოედანზე ბევრად უკეთ ვთამაშობთ. იმედია, ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება ყველაფერი“.

ლუკა ჯოლოხავა, წალენჯიხა: „ქუთაისთან თამაშების შემდეგ ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით. შესაბამისად, გაგვიხარდა, რომ შანსი მოგვეცა. ამ შანსის გამოყენება ძალიან გვინდოდა და დარწმუნებულები ვიყავით, რომ დღეს სასურველ შედეგს მივაღწევდით. ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. ამ გუნდთან ორიდან ორი თამაში წავაგეთ. გავაანალიზეთ ყველაფერი და მათ შეცდომებზე მოვიგეთ თამაში. ჩვენც გვქონდა დღეს შეცდომები. ვარჯიშებზე მოვინდომებთ, მინიმუმამდე დავიყვანთ მათ და სასურველ შედეგს მივაღწევთ“.

თბილისის ოლიმპიური სასახლე დღეს ასევე „ქუთაისი 2“-ს და „თსუ 2“-ს შორის საჩემპიონო სერიის პირველ შეხვედრას უმასპინძლებს.



  © SBM, 2016-2024