ფინალისტების სანახაობრივ დუელში პირველი გამარჯვებული პენალტებში გამოვლინდა!

ყველა სიახლე
01 მაისი 2023

ფინალისტების სანახაობრივ დუელში პირველი გამარჯვებული პენალტებში გამოვლინდა!

ფუტსალის ლიგა 3-ის საჩემპიონო სერიის პირველი მატჩი „დინამო“-ს და „სეუ“-ს შორის დრამატული გამოდგა. „ლურჯ-თეთრებმა“ სანახაობრივ ბრძოლაში საბოლოოდ პენალტების სერიაში იმარჯვეს - ძირითადი დრო 4-4, დამატებითი დრო 1-1, პენალტები 4-1.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.  საწყისი ტაიმის პირველ ნახევარში ანგარიში არ გახსნილა, რის შემდეგაც ორწუთიან ინტერვალში „სეუ“ ორჯერ დაწინაურდა, „დინამო“-მ კი ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. მეთვრამეტე წუთზე „დედაქალაქელებმა“ წონასწორობა აღადგინეს. მეორე ტაიმში ორივე გუნდმა თითოჯერ გაათანაბრა ანგარიში და გამარჯვებულის გამოსავლენად ორი დამატებითი სამწუთიანი ტაიმი დაინიშნა.

პირველი დამატებითი ტაიმის ბოლო წამებში „დინამო“ დაწინაურდა; სირენასთან ერთად „სეუ“-მ ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმით თამაში პენალტების სერიაში გადაიყვანა, სადაც გიორგი ცხვედიანმა ორი დარტყმა მოიგერია და „სტუდენტები“ 4-1 დამარცხდნენ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ცხვედიანი, დინამო: „თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ „სეუ“ გამორჩეული გუნდია. ტურნირის მიმდინარეობისას ჩანდა, რომ ეს ორი გუნდი იბრძოლებდა ჩემპიონობისთვის. ჯერ-ჯერობით პირველი მატჩი მოვიგეთ. ძალიან მაგარი მატჩი იყო. არ ვიცი, ამაზე  მაგარი რაღა უნდა ვითამაშოთ. ორივე გუნდმა სული და გული ჩავდეთ. ორივე გუნდმა ერთად ასეთი ლამაზი თამაში ვაჩვენეთ. პენალტების სერია იღბალთან არის დაკავშირებული,მაგრამ მეჯრა, რომ ალბათ დავიმსახურეთ. მადლობას ვუხდი ორივე გუნდს დაძაბული და სანახაობრივი თამაშისთვის“.

თამაზ ვახანია, სეუ: „ძალიან კარგი და დაძაბული მატჩი იყო. კიდევ გპირდებით სანახაობრივ თამაშს და შემდეგ შეხვედრაში აუცილებლად გავიმარჯვებთ. უფრო ემოციურად დავიღალეთ, ვიდრე თამაშით. ძალიან დამღლელი იყო. ბევრი ვინერვიულეთ. წინ გავედით და ემოციებს ავყევით. ამ ემოციებმა კი უკან გოლი მოიტანა. ამას გამოვასწორებთ აუცილებლად. უფრო მობილიზებულები გამოვალთ და წარმატებას მივაღწევთ“.

ფუტსალის ლიგა 3-ის ფინალური სერიის განმეორებითი შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 6 მაისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024