"დინამო" ლიგა 3-ის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს!

ყველა სიახლე
24 აპრილი 2023

ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონის ჩემპიონობისთვის „სეუ“ და „დინამო თბილისი“ იბრძოლებენ.

ფინალის დარჩენილი საგზური „დინამო“-მ „ჯიპა“-სთან მოიპოვა. სერიის განმეორებითი მატჩი „დედაქალაქელების“ გამარჯვებით 4-2 დასრულდა.

დაძაბული და სანახაობრივი თამაში ორივე ტაიმში მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. „დინამო“-მ ანგარიში საწყის წუთზე გახსნა. რამდენიმე წამში „სტუდენტებმა“ საპასუხო გოლი გაიტანეს და წონასწორობა აღადგინეს. პირველი ტაიმის ერთწუთიან ინტერვალში „ლურჯ-თეთრებმა“ მეტოქეს სამი გოლი გაუტანეს და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს. მეორე ნახევარში „ჯიპა“-მ ბევრი სახიფათო მომენტი შექმნა და სხვაობა შეამცირა, მაგრამ თამაშის შემოტრიალება ვერ შეძლო და სეზონის დასრულებას ბრინჯაოს მედლებით შეეცდება.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში „ჯიპა“-ს მეტოქე „რუსთავი“ იქნება.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ხმალაძე, ჯიპა: „ძალიან კარგი თამაში იყო, თანაბარი. პირველ ტაიმში რაღაც მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ და ზედიზედ სამი გოლი გავუშვით. ვერ შევძელით მომენტების გამოყენება, ძალიან ბევრი მომენტი გავაფუჭეთ. ვულოცავ დინამოს დამსახურებულ გამარჯვებას. იმ ერთწუთიანმა მონაკვეთმა გადაწყვიტა მატჩის ბედი, მეორე ტაიმში გოლი არ გაგვიშვია. მესამე ადგილი აუცილებლად მოსაგები გვაქვს“.

გიგა ლაგაზაშვილი, დინამო: „თავიდანვე ისეთი თამაში დაიწყო, რომ დიდი მუხტი შემოიტანა ჩვენში. ზუსტად ის სწრაფი გოლები გვჭირდებოდა, რაც გავიტანეთ, რათა გამარჯვებამდე მიგვეყვანა მატჩი. უფრო მეტს ველოდით. ემოციებისგან ყველა ძალიან აღელვებულები ვიყავით. დადებითად შევაფასებდი ამ თამაშში ყველაფერს. წინა შეხვედრასთან შედარებით უფრო რთული იყო. ფინალში გავედით, სადაც ვიტყვით ჩვენს სათქმელს და ჩემპიონები გავხდებით. სეუ-სთან ბრძოლას ველოდებით. ფინალი ყოველთვის დაძაბულია და ნერვების თამაშია. ველოდებით გულშემატკივრებს. ამ ერთობით მჯერა, რომ ჩემპიონობას მოვიპოვებთ“.

ფუტსალის ლიგა 3-ის ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის 30 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. ჩემპიონობამდე ბრძოლა სამ მოგებამდე გასტანს, ბრინჯაოს მედლებისთვის გუნდები ერთმანეთს ორ მოგებამდე დაუპირისპირდებიან.



  © SBM, 2016-2024