"შსს"-მ 1/4 ფინალის პირველ მატჩში მარტივად იმარჯვა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მეოთხედფინალური ეტაპი „შინაგან საქმეთა სამინისტრო“-ს და „ბანკი ქართუ“-ს დაპირისპირებით დაიწყო.
საწყის ოც წამში გატანილი გოლით „ძალოვნებმა“ პირველი ტაიმი მინიმალური უპირატესობით მოიგეს. ოცდამეთორმეტე წუთამდე ანგარიში აღარ შეცვლილა, მაგრამ დარჩენილ დროში „შსს“-მ კიდევ ოთხი უპასუხო გოლი გაიტანა, კარი მშრალად შეინახა და 5-0 იმარჯვა. შეხვედრაში დუბლი ირაკლი ქარჩავამ გაიფორმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ირაკლი ქარჩავა, შსს: „პლეი-ოფის პირველი თამაში ყოველთვის დაძაბულია რაც არ უნდა იყოს. მართალია, ქართუ მერვე ადგილზე გავიდა ცხრილში, მაგრამ ფინალები უთამაშია და ანგარიშგასაწევი ძალაა. მეორე ტაიმში უფრო გახსნილად ვითამაშეთ, ველოდებოდით მეტოქის შეცდომებს, რომლებიც გამოვიყენეთ და გოლებად ვაქციეთ. მთლიან სერიაში დავწინაურდით. ალბათ, ქართუ შემდეგი მატჩისთვის უფრო მობილიზებული იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ“.
ერთი შეხვედრა გაიმართა B ჯგუფშიც. „ენერგო-პრო“-მ „მეამა“ 4-1 დაამარცხა და მეოთხეფინალურ სერიაში დაწინაურდა. მიღებულ სამ გოლს „მეამა“-მ ოცდამეთექვსმეტე წუთზე უპასუხა, მაგრამ ანგარიშის შემცირება მეტად ვეღარ შეძლო და საკუთარ კარში კიდევ ერთი ბურთი მიიღო. „ენერგეტიკოსების“ რიგებიდან ჰეთ-თრიკი ლუკა გოგუაძემ გაიფორმა.
A და B ჯგუფის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღის ბოლომდე გაგრძელდება.