B ჯგუფში პლეი-ოფმა სტარტი DHL-ის გამარჯვებით აიღო!

ყველა სიახლე
23 აპრილი 2023

B ჯგუფში პლეი-ოფმა სტარტი DHL-ის გამარჯვებით აიღო!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მეოთხედფინალური შეხვედრები მიმდინარეობს.

B ჯგუფში პლეი-ოფი „რუსთავის აზოტი“-ს და „დი ეიჩ ელ“-ის დაპირისპირებით დაიწყო. პირველი ტაიმი DHL-მა ბექა შეროზიას დუბლით მოიგო. თამაშის განახლებიდან ერთ წუთში „აზოტმა“ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ავტოგოლით სხვაობა კვლავ გაიზარდა. ერთწუთიან ინტერვალში გიორგი ახვლედიანმა აქტივში კიდევ ორი გოლი მიითვალა, ჰეთ-თრიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. თამაშის დასრულებამდე DHL ავტოგოლით კიდევ ერთხელ დაწინაურდა და საბოლოოდ 4-3 იმარჯვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ახვლედიანი, რუსთავის აზოტი: „შესანიშნავი თამაში იყო. ორივე გუნდმა ვისიამოვნეთ. ხდება ხოლმე, მოგება უკეთესი იქნებოდა. რომ არა ჩემი გუნდელები, მე ვერაფერს გავაკეთებდი. შეიძლება ცოტა მოვდუნდით კიდეც და ამის ბრალი იყო მეოთხე გოლი. უფრო დაძაბული თამაშებია ამ ეტაპზე. ვნახოთ შემდეგ თამაშში რა იქნება“.

ბექა შეროზია, DHL: „ძალიან კარგი თამაში იყო. იბრძოლეს ბიჭებმა. მოწინააღმდეგემაც კარგად ითამაშა. ჩვენი უპირატესობის მიუხედავად სამი უპასუხო გოლი გაგვიტანეს და დაძაბულ თამაშში ბოლოს ვიმარჯვეთ. რეგულარულ სეზონშიც ამ გუნდთან დაძაბული მატჩი გვქონდა, მაშინ დავმარცხდით. დღეს შევძელით უპირატესობით შენარჩუნება. თანაბარი თამაში იყო და მეორე მატჩიც ძალიან რთული იქნება. აუცილებლად ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის“.  

დღის სასტარტო მატჩში ერთმანეთს საკვალიფიკაციო ლიგის გუნდები, „საქართველოს ბანკი“ და „ბი ემ ჯი“ შეხვდნენ. „ბანკირებმა“ მეტოქე მარტივად დაამარცხეს, ანგარიშით 6-1 და მეოთხედფინალურ სერიაში დაწინაურდნენ. პირველი ტაიმი BOG-მ ორბურთიანი სხვაობით მოიგო, მეორე ნახევარში კი უპირატესობა დამაჯერებელი გახადა. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი მიხეილ რეხვიაშვილმა გაიფორმა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღის განმავლობაში A და B ჯგუფის სხვა მეოთხედფინალური შეხვედრებიც გაიმართება.



  © SBM, 2016-2024