დრამა ქუთაისში და სერიაში ანგარიში თანაბარია!

ყველა სიახლე
22 აპრილი 2023

დრამა ქუთაისში და სერიაში ანგარიში თანაბარია!

ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის განმეორებითი 1/2 ფინალური მატჩი გაიმართა. ადგილობრივმა „ქუთაისი 2“-მა „წალენჯიხა“-ს უმასპინძლა. დრამატულ და სანახაობრივ დაპირისპირებაში „მეგრელებმა“ ანგარიში მეოთხედ ბოლო წამებზე გაათანაბრეს (4-4) და პენალტების სერიაში 5-4 იმარჯვეს.

პირველ ტაიმში „ქუთათურები“ წინ ორჯერ გავიდნენ. ალექსანდრე ღვინჯილიამ წონასწორობა ორივეჯერ აღადგინა. მეორე ნახევარში გუნდებმა კიდევ თითო ბურთი გაცვალეს. ძირითადი დროის ბოლო წუთზე „ქუთაისი“ ავტოგოლით დაწინაურდა და ფინალის საგზურთან ახლოს იყო, მაგრამ საფინალო სირენამდე ოთხი წამით ადრე ზურაბ ღვინჯილიამ შორეული მანძილიდან საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიზარდა.  

ორივე დამატებითი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა. პენალტების სერიაში კი „წალენჯიხა“-მ მეტოქეს 5-4 სძლია. წყვილში გამარჯვებული გადამწყვეტ მატჩში გამოვლინდება.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბაკურ გულუა, ქუთაისი 2: „ორივე გუნდის გულშემატკივარს მადლობას ვუხდი. საოცარი მუხტი იყო და ატმოსფერო იყო. რაღაც მომენტებში არ გაგვიმართლა. ოთხი წამი იყო დარჩენილი თამაშის დამთავრებამდე როცა გოლი გავუშვით. ამან ბიჭებზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა. რაც შეეხება პენალტებს, ეს უკვე ლატარიაა და არ გაგვიმართლა, მაგრამ არა უშავს, მესამე თამაშს აუცილებლად მოვიგებთ. მეტოქეს უკეთ შევისწავლით, გავაანალიზებთ ყველაფერს და მწვრთნელის დარიგებებს გავითვალისწინებთ“.

ალექსანდრე ღვინჯილია, წალენჯიხა: „ჯერაც ემოციების ქვეშ ვარ. ოთხჯერ ვაგებდით და დავბრუნდით მაინც თამაშში. შემდეგ უკვე ნერვების ომში მოვიგეთ. რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ არის ის, რომ ემოციურად არ გავტყდით. ამ ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ გუნდს ვეთამაშეთ, მაგრამ როგორც არ უნდა დასრულებულიყო დღევანდელი მატჩი, მაინც ვიამაყებდი ჩვენი ბიჭებით. ჩვენს მწვრთნელთან დიდი პროგრესი განვიცადეთ. ოთხჯერ როცა შეხვედრაში უკან ხარ და თამაშს ატრიალებ, ეს ის არის, რის გამოც სპორტი გვიყვარს. ვიღაცისთვის შეიძლება ეს პატარა გამარჯვებაა, მაგრამ ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. გულშემატკივარს ბოდიში იმისთვის, რომ ცოტაზე მეტი ვანერვიულეთ. ერთი ფინალი მოვიგეთ და მეორე წინ არის“.

ფუტსალის ლიგა 2-ის ორივე ფინალისტი გადამწყვეტ შეხვედრაში გამოვლინდება.



  © SBM, 2016-2024