"გორი" "თსუ 2"-ის წყვილში ფინალისტი გადამწყვეტ მატჩში გამოვლინდება!

ყველა სიახლე
22 აპრილი 2023

გორის სპორტის სასახლეში ადგილობრივ "გორს" და "თსუ2"-ს შორის ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება დამატებით დროში გადავიდა და საბოლოოდ „გორის“ გამარჯვებით 4-3 დასრულდა.

მატჩის პირველ ნახევარში გუნდები ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 1-1. ოცდამეათე და ოცდამეთორმეტე წუთებზე გატანილი გოლებით „სტუდენტები“ წინ გავიდნენ, მაგრამ უპირატესობა მალევე გაფლანგეს. ილია ლუკაშვილმა მიღებულ ბურთებს ერთწუთიან ინტერვალში დუბლით უპასუხა და წონასწორობა აღადგინა (3-3). გამარჯვებულის გამოსავლენად ორი დამატებითი სამწუთიანი ტაიმი დაინიშნა. დამატებითი დროის მიწურულს გიორგი ქურციკიძემ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და „გორმა“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ილია ლუკაშვილი, გორი: "თსუ ჩემი და ჩემი გუნდელების აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. რადგან სახლში გვქონდა თამაში, ვიცოდით, რომ უპირატესობა გვქონდა. მოტივაცია იმაზე მეტი იყო ვიდრე წინა თამაშში. დღეს მაქსიმალურად მოვემზადეთ, მაყურებელმა დიდი როლი ითამაშა და მადლობას ვუხდი მათ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, სერიაში ანგარიში გავათანაბრეთ. მესამე თამაში იღბლის საკითხი იქნება. ვიტყოდი, რომ უპირატესობა 50/50-ზე იყო, უნდა აღვნიშნო ჩვენი მეკარის ძალიან კარგი თამაში, ბევრჯერ გადაგვარჩინა გატანილ გოლებს".

გეგა კოშაძე, თსუ 2: "მოწინააღმდეგემ კარგად იბრძოლა, მაყურებელსაც მადლობა, კარგი მუხტი შექმნეს. პირველი ტაიმი ერთით ერთი მორჩა, შესვენებაზე მწვრთნელის დარიგებები მივიღეთ, მაგრამ ვერ შევასრულეთ და ამან განაპირობა მარცხი, მომენტების რეალიზებაც ვერ შევძელით. მეორე და მესამე გოლზე დაცვაში გვქონდა დიდი ჩავარდნა, კაცს ვერ გამოვყევით. მესამე მატჩში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ფინალში გავიდეთ. დაძაბული და კარგი თამაში იქნება".

„გორს“ და „თსუ 2“-ს შორის ფინალისტი გადამწყვეტ შეხვედრაში გამოვლინდება.



  © SBM, 2016-2024