"ჯიპა" "დინამო"-სთან სერიაში ანგარიშის გასათანაბრებლად იბრძოლებს!

ყველა სიახლე
08 აპრილი 2023

ფუტსალის ლიგა 3-ის სადებიუტო სეზონის ნახევარფინალური სერიის შეხვედრა რეგულარული ეტაპის უპირობო ლიდერ „დინამო“-ს და „ჯიპა“-ს შორის, „დინამო“-ს დამაჯერებელი გამარჯვებით 8-2 დასრულდა.

„ლურჯ-თეთრები“ მესამე წუთზე ორი გოლით დაწინაურდნენ. მალევე სხვაობა ოთხ ბურთამდე გაიზარდა. ტაიმის ბოლომდე „სტუდენტებმა“ მეტოქეს უპასუხეს და სხვაობა სამამდე შეამცირეს, მაგრამ თამაშის განახლებისთანავე „დინამო“ კვლავ წინ გაიჭრა. გამარჯვებული გუნდიდან ჰეთ-თრიკი ცოტნე მესხმა გაიფორმა, ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა გიგა ლაგაზაშვილის სახელზე.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიგა ლაგაზაშვილი, დინამო: „თამაშისგან უფრო მეტს ველოდით. დიდი მადლობა პირველ რიგში მაყურებელს, რომელიც მატჩს ესწრებოდა. ვცდილობდით გვეფიქრა იმაზე, როგორი დაძაბული შეხვედრა გვექნებოდა, მაგრამ პირველივე წუთებზე შევძელით გოლების გატანა, რამაც დიდი სტიმული მოგვცა და უფრო გახსნილი ფეხბურთი ვითამაშეთ. ჯიპა ძალიან კარგი გუნდია. შემდეგ შეხვედრაში გადაწყდება ბევრი რამე, არ ვფიქრობთ, რომ ამით მორჩა ყველაფერი. ვეცდებით ჩემპიონები გავხდეთ. ვფიქრობ, მეტოქეს მეკარე რომ ჰყოლოდა უფრო სანახაობრივი შეხვედრა იქნებოდა“.

თორნიკე ზოიძე, ჯიპა: „დღეს ნამდვილი ბრძოლა იყო. იმაზე საუბარი, რომ ტრავმებია გუნდში და ვიღაცებს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ, ეს შეიძლება გამართლებად ჟღერდეს, აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. სერია ორ მოგებამდეა, ბევრად მეტი შეგვიძლია და ამას ვაჩვენებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ორკვირიანი პაუზა იქნება ახლა, გვექნება ვარჯიშის საშუალება, ასევე მოთამაშეები ძალებს აღიდგენენ, ბარათების პრობლემაც მოიხსნება, მეკარეც გვეყოლება, რომელმაც წინა თამაშში წითელი მიიღო. ასე რომ, ბევრად საინტერესო თამაში იქნება. დარწმუნებული ვარ, მაყურებელმა დღესაც ისიამოვნა. ფინალში გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ“.

ფუტსალის ლიგა 3-ის განმეორებით 1/2 ფინალური შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 24 აპრილს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024