"იმერლები" შინ გამარჯვებით ბრუნდებიან!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის ნახევარფინალური ეტაპის მეორე შეხვედრაში „ქუთაისი 2“-მა უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ „წალენჯიხა“-სთან 3-1 იმარჯვა.
მატჩის პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა. ოცდამეექვსე წუთზე ანგარიში „იმერლებმა“ გახსნეს. მალევე მათი უპირატესობა ორ ბურთამდე გაიზარდა. თამაშის მიწურულს სერგეი პიჩუგინმა აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და ანგარიში 3-0 გახდა. დარჩენილ დროში „მეგრელებმა“ მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ალექსანდრე ღვინჯილია, წალენჯიხა: „ჩემი აზრით, პირველი ფაქტორი გამოცდილება იყო. ქუთაისი რეგულარული სეზონის გამარჯვებული და შარშანდელი ჩემპიონია. დიდი ხანია აქ არიან და წნეხის ქვეშ თამაში არ უჭირთ. ჩვენ შემთხვევაში ასე არ მოხდა. მწვრთნელის მითითებები დავივიწყეთ, ნერვიულობის და ემოციურობის ფონზე ბევრი შეცდომა დავუშვით. ფაქტობრივად, რაზეც ვისაუბრეთ, არაფერი შეგვისრულებია. ბევრი გათიშვა გვქონდა და საბოლოო ჯამში მეტოქემ ამით ისარგებლა. გულშემატკივრის იმედები ვერ გავამართლეთ დღეს, მაგრამ წინ კიდევ ერთი შეხვედრაა, ამაზე რთული მატჩი იქნება ქუთაისში, მაგრამ აუცილებლად ვეცდებით სერიაში წონასწორობა აღვადგინოთ“.
ბაკურ გულუა, ქუთაისი 2: „საკმაოდ მებრძოლი და შეკრული გუნდია წალენჯიხა, დებიუტანტები არიან და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პერსპექტივა აქვთ. გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ნაწილი ალბათ წალენჯიხას მხარეს იყო, ატმოსფერო შეიქმნა. პირველი ტაიმის შემდეგ დაძაბულობა იყო, გახსნილ თამაშს არც ველოდით. მწვრთნელმაც კორექტივები შეიტანა და მოვიგეთ. ქუთაისში თამაში გარკვეული უპირატესობაა ჩვენთვის - საკუთარი დარბაზი, გულშემატკივარი... ვეცდებით კიდევ უფრო დამაჯერებლად მოვიგოთ“.
„გორს“ და „თსუ 2“-ს შორის განმეორებითი 1/2 ფინალური მატჩი გორის სპორტის სასახლეში 21 აპრილს გაიმართება. „ქუთაისი 2“ და „წალენჯიხა“ კი ერთმანეთს ქუთაისის სპორტის სასახლეში 22 აპრილს დაუპირისპირდებიან.