"სეუ" 1/2 ფინალურ სერიაში დაწინაურდა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონის ნახევარფინალური შეხვედრები მიმდინარეობს. სასტარტო დაპირისპირებაში „სეუ“-მ „რუსთავი“ სოლიდური ანგარიშით, 13-6 , დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა.
„სტუდენტები“ თამაშის დაწყებიდან მალევე გავიდნენ წინ და პირველ ტაიმში შვიდბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს (9-2). თამაშის განახლების შემდეგ „რუსთავი“ ანგარიშის შემცირებას ეცადა, მაგრამ საბოლოოდ მატჩის ბედი ვერ შეცვალა და დიდი ჩამორჩენით დამარცხდა.
გამარჯვებული გუნდიდან ჰეთ-თრიკით და ოთხი საგოლე გადაცემით ლუკა ალანია გამოირჩა, დუბლი შეასრულეს ლუკა ბერიაშვილმა, ნიკა ბიძინაშვილმა, გიორგი გუზიტაშვილმა და სანდრო ობოლაძემ. „რუსთავის“ რიგებიდან სამი გოლი გიორგი თოდუას ანგარიშზეა, დუბლი შეასრულა საბა სომხიშვილმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლუკა ალანია, სეუ: „ვემზადებოდით ვარჯიშებზე, ბოლომდე ვიხარჯებოდით. თამაშშიც ყველაფერი ჩავდეთ. რა შედეგიც გვინდოდა დავდეთ. პირველი ტაიმის კარგი ანგარიში დაგვეხმარა, რომ მეორე ტაიმში უფრო თავდაჯერებულები გამოვსულიყავით. მეორე შეხვედრისთვისაც ბოლომდე მოვემზადებით და ვეცდებით ისევ ასე კარგად ვითამაშოთ. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, გამარჯვება და ფინალში გასვლაა. მეტოქესთან შედარებით უფრო მონდომებული ვიყავით და ტაქტიკურად მომზადებულები, რითაც ვაჯობეთ“.
საბა სომხიშვილი, რუსთავი: „ქუთაისთან ჩატარებული მატჩის შემდეგ ეიფორიაში ვიყავით და გვეგონა შედარებით მარტივად ვითამაშებდით, თუმცა ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა. დასაწყისში გაშვებულმა გოლებმა ძალიან იმოქმედა, გავტყდით. შემდეგ თამაშში ვეცდებით ბოლომდე დავიხარჯოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. შეტევებს განვავითარებთ და დაბოლოებაც უკეთესი გვექნება. ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ და ვფიქრობ, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც დავმარცხდით“.
დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის მეორე ნახევარფინალური წყვილიც ითამაშებს, სადაც „ჯიპა“ „დინამო“-ს დაუპირისპირდება.