ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში პლეი-ოფის წყვილები ცნობილია!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთხუთმეტე სეზონში რეგულარული ეტაპი დასრულდა.
ფინალურ მატჩში „ავერსმა“ „მეამა“ 4-2 დაამარცხა და ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა. „ფარმაცევტებმა“ მეტოქეს ზედიზედ სამი გოლი გაუტანეს და კომფორტული უპირატესობა საწყის ექვს წუთში მოიპოვეს. „მეამა“-მ ორი ბურთი გაქვითა, თუმცა თამაში ვერ შემოატრიალა და ჯგუფის ბოლო შეხვედრა დათმო. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი ზურაბ თარაშვილმა გაიფორმა.
A ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა “შსს“-ს და "კროკობეთს" შორის დაძაბული გამოდგა. „ძალოვნებმა“ თამაშში ანგარიში სამჯერ გაათანაბრეს, ქულა შეინარჩუნეს და რეგულარული სეზონი მარცხის გარეშე ჩაატარეს. „ბუკმეიკერები“ პირველად მეცამეტე წუთზე დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში „შსს“-მ წონასწორობა აღადგინა, რის შემდეგაც კიდევ ორჯერ გავიდა „კროკო“ წინ, მაგრამ დავით დარჩიამ მეტოქის გოლს ორივეჯერ უპასუხა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი ფურცელაძე, შსს: „ძალიან საინტერესო რეგულარული სეზონი იყო. კროკობეთთან ერთად პირველ-მეორე ადგილი დამსახურებულად დავიკავეთ. მოწინააღმდეგეს კარგ თამაშს ვულოცავ. საკმაოდ მძიმე მატჩი იყო, როგორც შეგვეძლო წაგვეგო, ისევე შეგვეძლო მოგვეგო, ამ შემთხვევაში ფრე ლოგიკური შედეგია. ჩვენ ყველა თამაშში მოგებაზე ვართ ორიენტირებული. პლეი-ოფი სულ სხვა ეტაპია და ასე მარტივი არ იქნება, ნებისმიერ გუნდთან რთულია თამაში“.
ცოტნე მანგოშვილი, კროკობეთი: „სამწუხაროდ, დღეს მეკარის გარეშე მოგვიწია თამაში. პირველადგილოსან გუნდს საკმაოდ მედგარი წინააღმდეგობა გავუწიეთ. ფრეც გვაკმაყოფილებს, თუმცა მოგება შეგვეძლო. პატივისცემა მოწინააღმდეგე გუნდს. დარწმუნებული ვარ ფინალში შსს-ს შევხვდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ ეტაპებს აუცილებლად გადავლახავთ“.
A და B ჯგუფში მეცხრე ტურის შემდეგ მეოთხედფინალური წყვილები გამოვლინდა:
A ჯგუფი: „შსს“ vs „ბანკი ქართუ“, „კროკობეთი“ vs „GM“, „არმია“ vs „ბეთლაივი“, „დიპლომატ ჯორჯია“ vs „ნიკორა“.
მეოთხედფინალში გამარჯვებულები სუპერლიგის ნახევარფინალში ითამაშებენ, ხოლო დამარცხებულები ოქროს ლიგის ფინალში მოსახვედრად იბრძოლებენ.
B ჯგუფი: „ენერგო-პრო“ vs „მეამა“, „აზოტი“ vs „DHL“, „ავერსი“ vs „NS Studio“, „GSE“ vs „ფარვანა“.
წყვილში გამარჯვებულები ვერცხლის ლიგის ნახევარფინალში ითამაშებენ, ხოლო დამარცხებულები ბრინჯაოს ლიგის ფინალში მოსახვედრად იბრძოლებენ.
ჯგუფის ბოლო ადგილოსნებმა, ლიბერთი ბანკმა და საქართველოს ბანკმა, საკვალიფიკაციო ლიგაში გადაინაცვლეს, სადაც შესაბამისად პირველ-მეორე ადგილები დაიკავეს და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთმანეთს შემდგი გუნდები დაუპირისპირდებიან:
„საქართველოს ბანკი“ vs „BMG“, „ლიბერთი ბანკი“ vs „შიშეჯამი“, „ბაზისბანკი“ vs „ჯაოკენი“, „უკრაინა“ vs „ლაქტალისი“.
9 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საკვალიფიკაციო ლიგის და გრანდ ლიგის საპლეიოფო შეხვედრები გაიმართება. A და B ჯგუფში მეოთხედფინალის პირველი მატჩები 23 აპრილს შედგება.