გადამწყვეტ ბრძოლაში "წალენჯიხა"-მ სრული უპირატესობით იმარჯვა!

ყველა სიახლე
01 აპრილი 2023

გადამწყვეტ ბრძოლაში

ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის გადამწყვეტი მეოთხედფინალური მატჩი „წალენჯიხა“-ს და „ილიაუნი 2“-ს შორის „მეგრელების“ სრული უპირატესობით 4-0 დასრულდა და სადებიუტო სეზონში „წალენჯიხა“ ნახევარფინალში ითამაშებს.

მატჩის პირველი ნახევარი ბოლო წუთამდე გოლის გარეშე მიმდინარეობდა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე ორი წამით ადრე ზურაბ ღვინჯილიამ გუნდი შორეული დარტყმით დააწინაურა. შესვენების შემდეგ „წალენჯიხა“-ს უპირატესობა არ დაუთმია, კარი მშრალად ბოლომდე შეინახა და მეტოქე ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ოთხი სეზონის განმავლობაში "ილიაუნი"-მ პირველად ვერ გადალახა ჩემპიონატში მეოთხედფინალური ეტაპი.

ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალში მოსახვედრად „წალენჯიხა“ „ქუთაისი 2“-ს დაუპირისპირდება, „გორი“ კი „თსუ 2“-ს ეთამაშება.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ალექსანდრე ღვინჯილია, წალენჯიხა: „გარდამავალი სერია იყო, საოცარი ატმოსფეროთი. აქ ტყუილად არ ვართ, საოცარი პროგრესი განვიცადეთ. ძალიან დიდი დანაკლისი გვქონდა, მეკარე ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია, რაც არ მეგონა რომ არ დაგვეტყობოდა. მაყურებლის ძალიან დიდი გვერდში დგომით და ჩვენი თავდადებით შევძელით, რომ სერია საჩვენოდ დაგვესრულებინა. ილიაუნი გამოცდილი გუნდია, მაგრამ ეს შედეგი დავიმსახურეთ. ბრაზის ნაპერწკალი გვქონდა წინა თამაშიდან მოყოლებული, იყო მთელი რიგი ზღვარგადასული ემოციები და ეს ყველაფერი საჩვენოდ გამოვიყენეთ. ასევე, რომ არა ჩვენი მწვრთნელი და ის რჩევები, რასაც კრიტიკულ მომენტში გვაძლევდა ამ შედეგამდე ვერც ახლა და ვერც წინა თამაშებში, ვერ მივიდოდით“.

გურამ ნადარეიშვილი, ილიაუნი 2: „მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც მოვიდა და ბოლო წუთებამდე გვამხნევებდა. პირველ ტაიმში ცალსახად ვაჯობეთ, ბევრი ფაქტორი იყო. არავის არაფერს ვაბრალებ, უბრალოდ მსაჯები უფრო კომპეტენტურები რომ ყოფილიყვნენ, კარგი იქნებოდა. პირველი ტაიმში ბოლო წამებზე ერთი გოლი გავუშვით, რომელიც საერთოდ ამოგლეჯილი იყო და ეს ანგარიშიც საერთოდ არ აჩვენებს იმას, რაც მოედანზე იყო. წელს ჩვენს გამოსვლას ცუდად შევაფასებდი. საერთოდ სხვა მიზნები გვქონდა. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ. წალენჯიხას ვულოცავ გამარჯვებას“.

ფუტსალის ლიგა 2-ის ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 8 აპრილს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024