"ილიაუნი 2" "წალენჯიხა"-ს წყვილში 1/2 ფინალისტი გადამწყვეტ შეხვედრაში გამოვლინდება!

ყველა სიახლე
29 მარტი 2023

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის განმეორებითი 1/4 ფინალური შეხვედრები მიმდინარეობს.

ილიაუნი 2“-ისა და „წალენჯიხა“-ს დრამატული მატჩი „სტუდენტების“ სასარგებლოდ 3-2 დასრულდა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა, შესაბამისად, წყვილში ნახევარფინალისტი გადამწყვეტ შეხვედრაში გამოვლინდება.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შეკრებილმა გულშემატკივარმა, რომელიც საოცარ ატმოსფეროს ქმნიდა, პირველივე წუთებიდან დაძაბული მატჩი იხილა. მეათე წუთზე „მეგრელების“ მეკარემ წითელი ბარათი მიიღო, რასაც მათ კარში მალევე მოჰყვა გოლი და „ილიაუნი“ დაწინაურდა. ტაიმის ბოლომდე ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმით „სტუდენტებმა“ უპირატესობა გაზარდეს. მეორე ნახევრის სტარტზე ანგარიში 3-0 გახდა. „წალენჯიხა“-მ ერთი გოლი გაქვითა და თამაშში დაბრუნდა, მაგრამ მცდელობების მიუხედავად, მხოლოდ შეხვედრის ბოლო წუთზე შეძლო ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დანიელ გერგედავა, წალენჯიხა: „პირველ რიგში, გულშემატკივარს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. მოვიდნენ და დაგვაფასეს. ყველაფერი მათთვის და წალენჯიხისთვის კეთდება. ბოლომდე ვიბრძოლეთ, არ გაგვიმართლა სინამდვილეში. ბიჭებმა თავდადებით და კარგი თამაშით გვაჯობეს ამჯერად, მაგრამ ყველაფერს ვიღონებთ, რომ შემდეგში ჩვენ დაგვრჩეს გამარჯვება. ზედმეტი თავდაჯერებულობა გვქონდა, მაგრამ ნერვებიც ვერ მოვთოკეთ. ნელ-ნელა ვიხვეწებით და ყველაფერს გამოვასწორებთ“.

გიორგი წიქვაძე, ილიაუნი 2: „მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, მათ გარეშე, არა მგონია ეს თამაში ასე შემდგარიყო. ეს ვნებათაღელვა, ყველაფერი, ამ სპორტის ნაწილია, რაც გვაბედნიერებს და სიამოვნებას გვანიჭებს. პირველი ტაიმი ძალიან ძლიერად დავიწყეთ. შესაბამისად, გოლებითაც ვიყავით წინ. შემდეგ პატარა კონცენტრაციის დაკარგვა და მაშინვე თამაშში დაბრუნდა წალენჯიხა. საერთოდ არ ეტყობათ, რომ მათი პირველი სეზონია და ამის გამო დიდი პატივისცემა ჩვენგან. ახლა არანაირად არ გვაქვს „წვეულების“ დრო, როგორც კი გასახდელიდან გამოვალთ, უნდა ვიმუშაოთ და მოვემზადოთ მესამე თამაშისთვის. ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი“.

განმეორებითი მეოთხედფინალები „თსუ 2“-ს და „საქართველოს უნივერსიტეტის“ მატჩით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024