"იმერლები" ჩემპიონის ტიტულის დასაცავად ბრძოლას აგრძელებენ!

ყველა სიახლე
25 მარტი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის განმეორებით მეოთხედფინალურ შეხვედრაში „ქუთაისი 2“-მა „სპორტუნი“-ს ქუთაისის სპორტის სასახლეში უმასპინძლა, 6-2 იმარჯვა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

პირველ მატჩში მიღებული წითელი ბარათების გამო „სპორტუნი“ ხუთკაციანი შემადგენლობით გამოვიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საწყისი ტაიმი 2-1 მოიგო. ოცდამეათე წუთზე „იმერლებმა“ ანგარიში გაათანაბრეს, მალევე წინ გავიდნენ და თამაშის ბოლომდე სხვაობა კომფორტული გახადეს. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი ნიკა ხაჭაპურიძემ და დავით მარგველაშვილმა გაიფორმეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი მგელაძე, სპორტუნი: „ჩვენი წლევანდელი სეზონი რომ შევაჯამო, კარგი გამოვიდა, გამოცდილება მივიღეთ. იმის მიუხედავად, რომ ჩვენთვის პირველი სეზონი იყო, ინდივიდუალურად ძალიან კარგი სეზონი ვაჩვენეთ. ქუთაისი 2-ს გამოცდილება აქვს და წარმატებებს ვუსურვებ. დღევანდელ მატჩს რაც შეეხება, პირველი ტაიმი ძალიან კარგად დავიწყეთ, მეორე ტაიმშიც გვქონდა მომენტები, მაგრამ ხუთი მოთამაშე ვიყავით და ძალა აღარ გვეყო, რომ თამაში უფრო ეფექტურად დაგვესრულებინა, ამის გამო, სამწუხაროდ, დავმარცხდით“.

ნიკა ხაჭაპურიძე, ქუთაისი 2: „დაძაბული პირველი ტაიმი იყო. ორით ნულით გავიდნენ წინ. იმანაც იმოქმედა, რომ საშინაო არენაზე ვიყავით და მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით გულშემატკივრის მიმართ. მეორე ტაიმში უფრო გახსნილად ვითამაშეთ, რამაც შედეგიც გამოიღო. რომელი მეტოქეც არ უნდა შეგვხვდეს, ილიაუნი თუ წალენჯიხა, ორივე ძალიან ძლიერია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფინალში გავიდეთ და ტიტული დავიცვათ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის კიდევ ერთი განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩი „გორსა“ და „ევროპის უნივერსიტეტი 2“-ს შორის 26 მარტს გორის სპორტის სასახლეში გაიმართება. დარჩენილ შეხვედრებს კი თბილისის ოლიმპიური სასახლე 29 მარტს უმასპინძლებს.



  © SBM, 2016-2024