"რუსთავმა" განმეორებითი მატჩიც მოიგო და ლიგა 3-ის 1/2 ფინალში ითამაშებს!

ყველა სიახლე
25 მარტი 2023

ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონის მეოთხედფინალების ერთი განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. „რუსთავმა“ წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ ადგილობრივი „ქუთაისი 3“ 11-9 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. „იმერლებმა“ პირველი ტაიმი სამბურთიანი უპირატესობით 5-2 მოიგეს. მეორე ნახევრის განახლებიდან ხუთ წუთში „რუსთავმა“ თამაშში გარდატეხა შეიტანა, მეტოქეს ზედიზედ ხუთი გოლი გაუტანა და წინ გავიდა, რის შემდეგაც უპირატესობა აღარ დაუთმიათ. გამარჯვებული გუნდიდან გიორგი ჯელაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, დუბლი გაიფორმა გიორგი თოდუამ, რომელიც პირველი 1/4 ფინალური ეტაპის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი თოდუა, რუსთავი: „როგორც წინაზე აღვნიშნე, ბიჭები კარგად მომზადებულები დაგვხვდნენ. პირველი ტაიმი დავიჩაგრეთ, წავაგეთ 5-2, მაგრამ მეორე ტაიმში დამაჯერებლად გამოვედით. შემართებით მივუდექით თამაშს, გავიტანეთ გოლები და ნახევარფინალის საგზურიც მოვიპოვეთ. მეორე ტაიმის სტარტზევე პირველი ბურთი რომ გავიტანეთ, იქიდან უკვე დავიჯერეთ, რომ შეგვეძლო თამაშის მოტრიალება და მოგება. დაველოდებით ჩვენს მეტოქეს და ფინალში მოსახვედრად ვიბრძოლებთ“.

გიორგი ბედენაშვილი, ქუთაისი 3: „დღეს პირველ ტაიმს ვიგებდით, მაგრამ შემდეგ უიღბლობას ჰქონდა ადგილი და წავაგეთ, ვერაფერს ვიტყვი. კარგი ჩემპიონატი იყო, წარმატებებს ვუსურვებ გუნდებს“.

ფუტსალის ლიგა 3-ის სხვა განმეორებითი შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 1 აპრილს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024