"საქართველოს ბანკმა" A ჯგუფიდან საკვალიფიკაციო ლიგაში გადაინაცვლა!

ყველა სიახლე
19 მარტი 2023

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთხუთმეტე სეზონის მორიგი სათამაშო დღე A და B ჯგუფის მატჩებით გაგრძელდა.

A ჯგუფში „საქართველოს ბანკი“ „არმია“-ს დაუპირისპირდა. „ბანკირებმა“ მატჩი 2-1 დათმეს, შედეგად სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი დაიკავეს და საკვალიფიკაციო ლიგაში გადაინაცვლებენ. მატჩი დაძაბული გამოდგა. მეთხუთმეტე წუთზე „ძალოვნები“ წინ გავიდნენ. ტაიმის მიწურულს BOG-მ წონასწორობა ავტოგოლით აღადგინა, მაგრამ „არმია“ კვლავ დაწინაურდა და მიმდინარე წელს პირველი გამარჯვება მოიპოვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლევან სხულუხია, არმია: „გარდამავალი თამაში იყო. ორივე მხარეს გვქონდა მომენტები, მაგრამ ჩვენ მოვიგეთ. პირადად ჩემი შეცდომით მივიღეთ გოლი, თორემ განსაკუთრებული მომენტი არ ყოფილა. შებოჭილი თამაში იყო, მაგრამ უფრო ჩვენ ვჯობნიდით. კარგი თამაში იყო საბოლოო ჯამში. შეტევები თანაბარი იყო, მაგრამ ჩვენ მეტი მომენტი შევქმენით“.

ირაკლი გამყრელიძე, BOG: „იმისდა მიუხედავად, რომ მოწინააღმდეგე ცხრილში მოწინავე პოზიციაზეა და ჩვენ აუთსაიდერები ვართ, დაძაბული თამაში გამოვიდა. ვერ გამოვიყენეთ ჩვენი მომენტები და ამიტომ წავაგეთ. დამატებითი მოტივაციაა, რომ საერთოდ არ ვეთიშებით ტურნირს და საკვალიფიკაციო ლიგაში გადავდივართ. ვეცდებით, გავამართლოთ ჩვენი სტატუსი და გავიმარჯვოთ“.

ერთი შეხვედრა გაიმართა B ჯგუფშიც. სატურნირო ცხრილის უდანაკარგო ლიდერმა „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ „ენ ეს სტუდიო“ 6-4 დაამარცხა და ქულათა მაქსიმუმით ასპარეზობას განაგრძობს. „ენერგეტიკოსებმა“ უპირატესობა თამაშის სტარტზევე მოიპოვეს და ოცდამეექვსე წუთზე მეტოქეს ხუთი ბურთით უგებდნენ. დარჩენილ დროში NS Studio-მ სხვაობის აღმოსაფხვრელად იბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ ჩამორჩენის მხოლოდ ორ ბურთამდე შემცირება შეძლო. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი ალექსანდრე გარუჩავამ და ლუკა გოგუაძემ გაიფორმეს.

A და B ჯგუფის მერვე ტურის სხვა შეხვედრები დღის ბოლომდე გაიმართება.



  © SBM, 2016-2024