"რუსთავის აზოტმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მორიგი შეხვედრები მიმდინარეობს. სათამაშო დღე B ჯგუფით დაიწყო.
მერვე ტურის მატჩში „რუსთავის აზოტმა“ DHL 6-2 დაამარცხა. „აზოტი“ მეცამეტე წუთზე ორი ბურთით მარცხდებოდა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე ანგარიში გაათანაბრა და დაწინაურებაც შეძლო. მეორე ნახევარში DHL-მა ოთხი გოლი მიიღო, სხვაობა ვერ შეამცირა და საბოლოოდ დიდი ჩამორჩენით დამარცხდა. „რუსთავის აზოტის“ მხრიდან დუბლი გიორგი ახვლედიანმა გაიფორმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
გიორგი ახვლედიანი, რუსთავის აზოტი: „თავიდან ცუდად დავიწყეთ, ვერ დავლაგდით, მაგრამ ორი ბურთი რომ გაგვივიდა შემდეგ გამოვასწორეთ რაღაცები, დავწყნარდით და შედეგი სახეზეა. პირველი გოლის გატანის შემდეგ მოტივაცია მოგვეცა. მშვენივრად მივდივართ, კარგი განწყობა გვაქვს, ცუდი გუნდი არ ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ ჩემპიონატი“.
ტურის სხვა შეხვედრაში „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ „მეამა“-ს დაუპირისპირდა და 5-2 იმარჯვა. პირველი ტაიმი GSE-მ ორი უპასუხო გოლით მოიგო. მეორე ნახევარში „მეამა“-მ სხვაობა მინიმუმამდე ორჯერ შეამცირა, მაგრამ მეტოქე კვლავ წინ გაიჭრა. გამარჯვებული გუნდიდან დუბლით და ერთი საგოლე გადაცემით ზურა ბიძინაშვილი გამოირჩა.
დღის განმავლობაში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში A და B ჯგუფის შეხვედრები გაიმართება.