"წალენჯიხა"-მ "ილიაუნი 2"-ს სანახაობრივ ბრძოლაში სძლია!

ყველა სიახლე
13 მარტი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის პირველი მეოთხედფინალური დაპირისპირებები „ილიაუნი 2“-ის და „წალენჯიხა“-ს მატჩით დასრულდა. „წალენჯიხა“-მ სანახაობრივ მატჩში მეტოქე 6-2 დაამარცხა.

„მეგრელებმა“ საწყისი ტაიმი სამი უპასუხო გოლით მოიგეს და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს.  მეორე ნახევრის პირველივე წუთზე „ილიაუნი“-მ ჩამორჩენა შეამცირა, ცოტა ხანში კი სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. „წალენჯიხა“ მეტოქის მოახლოებასთან ერთად გააქტიურდა და ულამაზესი გოლებით სოლიდური ანგარიშიც დააფიქსირა.

გამარჯვებული გუნდიდან დუბლი ლუკა ჯოლოხავამ და გურამ ჩალიგავამ გაიფორმეს. აქტივში გოლი და სამი საგოლე გადაცემა ლაშა კაკაჩიამ მიითვალა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბექა მამაგულაშვილი, ილიაუნი 2: „ერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ დღეს იღბალი ჩვენ მხარეს არ იყო. ძალიან ბევრი მომენტი გავაფუჭეთ. შეგვეძლო პირველივე ტაიმში თამაში ჩვენ წაგვეყვანა. ჩვენ ყველაფერი ჩავდეთ, მეორე ტაიმში მონდომება გვქონდა, რაც გამოჩნდა სხვაობის შემცირებაში. ვიცით, რომ 29-ში კიდევ თამაში გვაქვს და მოვემზადებით, აუცილებლად მოსაგებად გამოვალთ“.

ალექსანდრე ღვინჯილია, წალენჯიხა: „მართლა ფანტასტიკური მუხტი იყო. ორივე მხარეს ბევრი მომენტი შეიქმნა. ამდენი გულშემატკივარი არ გვყოლია არასდროს და მათ გამო მოვინდომეთ. ზოგადად ბოლო თამაშებში კარგად ვიწყებთ, მაგრამ შემდეგ ბავშვურ შეცდომებს ვუშვებთ, რაც სწრაფი გოლით მთავრდება ხოლმე. ახლა, როდესაც ტურნირი კულმინაციას აღწევს და დაძაბულობა უფრო მეტია, ასეთი შეცდომები იმატებს, მაგრამ შევძელით თამაშში ბოლომდე დაბრუნება. ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გულშემატკივარმა განაპირობა. არ გავტყდით ბოლომდე“.

ფუტსალის ლიგა 2-ის განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრები 25, 26 და 29 მარტს, ქუთაისში, გორში და თბილისში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024