"სტუდენტურ დერბიში" "თსუ 2"-მა "UG"-სთან იმარჯვა!

ყველა სიახლე
12 მარტი 2023

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის პლეი-ოფის შეხვედრები „საუნივერსიტეტო დერბით“ გაგრძელდა. „თსუ 2“-მა „საქართველოს უნივერსიტეტი“ პირველ მეოთხედფინალურ მატჩში კომფორტული უპირატესობით 4-1 დაამარცხა.

მეჩვიდმეტე წუთზე „თსუ“ დაწინაურდა, ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგო და მეორე ნახევარში სხვაობა კიდევ ორი ბურთით გაზარდა. ოცდამეთხუთმეტე წუთზე UG-მ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ საპასუხო გოლი საკუთარ კარში მალევე მიიღო და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გეგა კოშაძე, თსუ 2: „ჩვენი შანსები გამოვიყენეთ. კიდევ გვქონდა გასატანი. თავიდანვე მობილიზებულები ვიყავით როგორც დაცვაში, ასევე წინ, სწორედ ამან განაპირობა ჩვენი გამარჯვება. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, შეიძლება სერიაში ანგარიში გათანაბრდეს ან მეორე მატჩიც მოვიგოთ“.

ბექა მურღული, UG: „მეტოქე ბევრად მობილიზებული გამოვიდა. სწრაფი გოლი გავუშვით და ამან დიდი გავლენა იქონია. მსაჯების გადაწყვეტილებებმაც ჩვენ წინააღმდეგ იმოქმედა და ვერ შევაფასებდი ამ მსაჯობას დადებითად. ბოლო წუთამდე ვიბრძოლეთ და ასე გავაგრძელებთ. ერთი მოგება აქვთ, მაგრამ მეორე თამაში წინაა. მეტოქემ ჩვენი შეცდომები გამოიყენა“.

პირველი მეოთხედფინალური სერია „ილიაუნი 2“-ს და „წალენჯიხა“-ს მატჩით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024