ლიგა 2-ის მოქმედმა ჩემპიონმა პლეი-ოფის პირველი მატჩი მოიგო!

ყველა სიახლე
12 მარტი 2023

ლიგა 2-ის მოქმედმა ჩემპიონმა პლეი-ოფის პირველი მატჩი მოიგო!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონში მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო. სასტარტო მატჩში რეგულარული სეზონის პირველადგილოსანი „ქუთაისი 2“ „სპორტუნი“-ს დაუპირისპირდა და 5-3 იმარჯვა.

შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. თამაშში უპირატესობა გარდამავალი იყო და ანგარიში სამჯერ გათანაბრდა. პირველი ტაიმი ფრედ 1-1 დასრულდა. თამაშის განახლებიდან სამი წუთის ინტერვალში გუნდებმა კიდევ თითო ბურთი გაცვალეს. ოცდამეთერთმეტე წუთზე „ქუთაისი“ პირველად გავიდა წინ. „სტუდენტებმა“ მიღებულ ბურთს მალევე უპასუხეს, მაგრამ მეტოქე კიდევ ერთხელ და ამჯერად საბოლოოდ დაწინაურდა.

„იმერლების“ რიგებიდან დუბლი ბაკურ გულუამ გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბაკურ გულუა, ქუთაისი 2: „სპორტუნი ახალგაზრდა გუნდია, დებიუტანტები არიან და უნდა აღინიშნოს მათი საბრძოლო სულისკვეთება. თანაბარი თამაში იყო მეტნაკლებად, ძალიან მაგარი ბრძოლა იყო. ვფიქრობ, გამოცდილების და კლასის ხარჯზე მოვიგეთ. მეტოქე არ ფიქრობდა იმაზე რომ თავი დაეცვა, პირიქით, ცდილობდა რაც შეიძლება ლაღად და სწრაფად ეთამაშათ, რამაც განაპირობა ამდენი გოლი. გარკვეულწილად, ჩვენი შეცდომებიც იყო, მაგრამ გამოსწორებადია და აუცილებლად ვიმუშავებთ ამაზე“.

ნუგო გოგაშვილი, სპორტუნი: „აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მეტოქემ რეგულარული ჩემპიონატი დაასრულა პირველ ადგილზე, ფაქტია, რომ გამოირჩეოდა ჩვენს ჯგუფში და მათმა თამაშმა ზეწოლა იქონია. იყო შეცდომები, ამის ფონზე მაინც შევძელით დაწინაურება, მაგრამ საერთო ჯამში მცირე შეცდომებით მოწინააღმდეგემ ისარგებლა და გაიტანა გოლები, რის გამოც დავმარცხდით. შემდეგ მატჩში ორი ძირითადის ფეხბურთელი არ გვეყოლება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვიგოთ“.

დღის განმავლობაში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის სხვა მეოთხედფინალური დაპირისპირებებიც გაიმართება.



  © SBM, 2016-2024