სუპერლიგა C 2017
ყველა სიახლე
23 აპრილს, წლევანდელი 2016/17 წ/წ სეზონის კიდევ ერთმა გათამაშებამ - სუპერლიგა C - მ აიღო სტარტი. 8 გუნდი, ერთმანეთს წრიული სისტემით, ერთ წრედ დაუპირისპირდება.
უნიკრედიტის და ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდებმა, სუპერლიგა B-დან „გადმოინაცვლეს“, კორპორატიულ ოქროს და ვერცხლის ლიგაში წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, სუპერლიგა C-ში მოსინჯავენ ძალებს MENU.GE და აჭარა ჯგუფი. წინა სეზონში მიღწეული ტრიუმფის შემდეგ, ლიგას უბრუნდება ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის სამოყვარულო გუნდი. რაც შეეხება კიდევ სამ მონაწილეს - აჭარის სამოყვარულო ნაკრები, ჯეო ჰოლდინგი და დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის გუნდი „რუბიკონი“, ისინი სადებიუტო სეზონს ჩაატარებენ.
Sbm.ge სუპერლიგა C-ს მონაწილე გუნდების წარმომადგენლებს გაესაუბრა და მათი შთაბეჭდილებების გაზიარება თხოვა.
ირაკლი დიასამიძე, GEO HOLDING : „ ჩვენ პირველად ვთამაშობთ ამ ჩემპიონატში, ვართ ყოფილი ფეხბურთელები, გვინდა თანამშრომლები ავიყოლიოთ და ჯანსაღი ცხოვრების წესს მივაჩვიოთ.
მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ ლიგაში თამაში, რანგით დაბალი ლიგაა, თუმცა ჩვენთვის მოსამზადებლად და გუნდის ჩამოყალიბებისთვის ძალიან კარგია. დიდი მიზნები გვაქვს. სამი ფეხბურთელი გვყავს დამატებული, დანარჩენი თანამშრომლებია. კვირაში ორი დღე ვიკრიბებით და ვარჯიშობთ, თუმცა უფრო აქტიურ ვარჯიშსაც ვაპირებთ. ვეცდებით წარმატებას მივაღწიოთ, შემდეგ კი გაცილებით დიდი გეგმები გვაქვს.“
თორნიკე ბოჭორიშვილი, უნიკრედიტი: „ჩვენი გუნდი გასულ წელს სუპერლიგა B-ში ასპარეზობდა, თუმცა წლევანდელ სეზონში, შედეგებიდან გამომდინარე გადმოვბარგდით სუპერლიგა C- ში და ამ ლიგაში დებიუტანტები ვართ. მესამე სეზონია რაც “უნიკრედიტი” თამაშობს აღნიშნულ ჩემპიონატებში. ტურნირში მონაწილეობა პირველ რიგში კომპანიის ინტერესიც უნდა იყოს, რადგან ფირმის სახელის წარმოჩენაა, შემდეგ ფეხბურთის სიყვარული. დამღლელი, რუტინული სამუშაო გრაფიკის შემდეგ ეს ძალიან კარგი განტვირთვაა. სერიოზულად ვეკიდებით ყოველდღიურ ვარჯიშს, დამატებული გვყავს რამდენიმე მონაწილე, თუმცა გუნდის დიდი ნაწილი კომპანიის თანამშრომელია.“
შოთა გვენცაძე, MENU.GE : „ძალიან მაგარი პროექტია, მადლობა სპორტულ სააგენტო SBM-ს , რომ მოგვეცა შანსი ბიზნეს ლიგაში მონაწილეობის.
დებიუტანი გუნდი ვართ ამ ლიგაში, ჩვენ ვითამაშეთ ოქროს ლიგა, მაგრამ არ გაგვიმართლა და დაბალ ლიგაში მოვსინჯეთ ძალები. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ფუტსალი და მინი ფეხბურთი ვითარდება.“
არტურ ოგანესიანი, აჭარის ნაკრები მინი ფეხბურთში: „შარშან ჩვენი გუნდი, აჭარის სომეხთა კავშირის გუნდ „ახპიურის“ სახელით მონაწილეობდა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში, ახლა კი საინტერესო ტრანსფორმაცია მოხდა და მინი ფეხბურთში აჭარის ნაკრები ჩამოყალიბდა, ძველი და ახალი რესურსების გამოყენებით, რაღაც სინთეზი გავაკეთეთ და ბიზნეს ლიგის C ჯგუფში ვთამაშობთ. საინტერესო პერიოდი დაიწყო, წინ ბევრი თამაშია, ყველაზე მთავარი კი არის ის რომ ჩვენი ლიგა მეგობრობაა.
აუცილებელია ამ ლიგაში ჩართულობა , სხვა კომპანიებისა და უწყებების მხრიდან, ამას სჭირდება მხოლოდ მოტივაცია და მონდომება. ჩვენ გვაქვს ამბიციები, რომ რანგით მაღალი ლიგები ვითამაშოთ.“
აკაკი ჩხიკვაძე, აჭარა გრუპ ჰოსპიტალიტი: „ ჩვენმა გუნდმა ბიზნეს ლიგაში ასპარეზობა ბრინჯაოს ლიგით დაიწყო, შემდეგ ვერცხლის ლიგაში ვთამაშობდით, ახლა კი მოგვეცა შანსი, თავი სუპერლიგა C -ში გამოვიჩინოთ. ჩვენი საფეხბურთო გუნდი, ძირითადად თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული, რომელიც აერთიანებს სასტუმრო ჰოლიდეი ინს, რუმს თბილისს, რუმს ყაზბეგს და ა.შ. კომპანია მაქსიმალურად ცდილობს გვერდით დაგვიდგეს. დაინტერესებულები არიან გვყავდეს კარგი გუნდი და ვიყოთ აქტიურად ჩართულები მიმდინარე ჩემპიონატში.
რამდენიმე წელია სისტემატიურად ვიღებთ მონაწილეობას ჩემპიონატებში და მხარს ვუჭერთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
გიორგი ამირხანაშვილი, დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის გუნდი „რუბიკონი“ :„ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად იყო და არის ჩართული საფეხბურთო ჩემპიონატებში, ჩემი ინიციატივით დაავარსეთ სპორტული კლუბი „რუბიკონი“ და საფეხბურთო გუნდი „რუბიკონი“, რომელმაც ბევრ წარმატებას მიაღწია. რაც შეეხება სუპერლიგა C -ში ჩვენს ასპარეზობს, საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს. ტურნირი არის კარგად ორგანიზებული, არის მეგობრული გარემო და მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს ლიგა უწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაამკვიდრებას.“
გურამ ტატიშვილი, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი: „ჩვენმა კომპანიამ თავდაპირველად თამაში ბრინჯაოს ლიგაში დაიწყო, შემდეგ ვერცხლის ლიგა, ისევ ბრინჯაო, სუპერლიგა A ... მოვიგეთ თითქმის ყველაფერი, რაც გახდა სტიმული იმისა, რომ გაგვეკეთებინა პროფესიონალური კლუბი, რომელიც პირველი წელია საქართველოს ფუტსალის ლიგაში გამოდის, თანაც წარმატებულად. გუნდში რამდენიმე ნაკრების ფეხბურთელიც ირიცხება.
პროფესიონალური გუნდი ჩამოყალიბების შემდეგ ჩვენ გაგვიჩნდა სურვილი, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში კვლავ გვყოლოდა საფეხბურთო გუნდი, ამჯერად სუპერლიგა C ვთამაშობთ. აღნიშნული ტურნირი აძლევს საშუალებას ყველას, ითამაშონ, გაერთონ, იმეგობრონ ერთამნეთთან და განიტვირთონ.
ამავე დროს, ჩვენ, გვერდით ვუდგავართ ლიგას, როგორც შეგვიძლია. ვართ სამედიცინო პარტნიორები. ვისურვებდი უფრო მეტი ადამიანი და კომპანია დაინტერესდეს ბიზნეს ლიგით და გვინდა ქვეყანაში სპორტის ეს სახეობა განვითარდეს. იმედი გვაქვს რომ საერთო ძალებით ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა კიდევ უფრო ახალ საფეხურზე ავა.“