გრანდ ლიგაში 1/2 ფინალური წყვილები ცნობილია!

ყველა სიახლე
12 მარტი 2023

გრანდ ლიგაში 1/2 ფინალური წყვილები ცნობილია!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის გრანდ ლიგის წრიული ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრები ჩატარდა. დასკვნითი ტურის შემდეგ პლეი-ოფის წყვილები გამოვლინდნენ. ნახევარფინალში პირველადგილოსანი „ბაქსვუდი“-ს მეტოქე „ელპოზო“ იქნება, „არმია“ კი „McGill“-ს გაეჯიბრება.

მეექვსე ტურის ფინალურ მატჩში „არმია“ „McGill“-ს დაუპირისპირდა და 4-2 იმარჯვა. ნიკოლოზ ჯალაღანიამ მაკ გილი საწყის თერთმეტ წუთში ორი ბურთით გაიყვანა წინ. „ძალოვნებმა“ პირველ ტაიმში ერთი ბურთი გაქვითეს, მეორე ნახევარში კი მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და ბოლო ტურში გამარჯვება მოიპოვეს.

ტურის სხვა შეხვედრაში „ბაქსვუდმა“ „ელპოზო“ 4-1 დაამარცხა და რეგულარული სეზონი წაუგებლად, პირველ ადგილზე დაასრულა. „ბაქსვუდი“ მეთორმეტე წუთზე დაწინაურდა. მეტოქემ წონასწორობა მალევე აღადგინა, მაგრამ ტაიმის ბოლომდე კიდევ ერთი გოლი მიიღო, რის შემდეგაც ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო და სამბურთიანი ჩამორჩენით წააგო. „ბაქსვუდი“-ს რიგებიდან დუბლი დავით ლომაიამ გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

დავით ლომაია, ბაქსვუდი: „ჩვენი მიზანი თავიდანვე ეს იყო და მადლობა გუნდს, რომ პირველ ადგილზე დავასრულეთ რეგულარული სეზონი. ყველაფერი ისე მიდის, როგორც გვქონდა დასახული. მთავარი თამაშები ახლა იწყება. ნახევარფინალებია მთავარი. მაქსიმალურად მოვემზადებით. პლეი ოფში, ვფიქრობ, სხვანაირი თამაშები იქნება, ელპოზოსთან შანსები თანაბრადაა, დანარჩენს თამაში გვიჩვენებს“.

გრანდ ლიგის ნახევარფინალური შეხვედრები აპრილში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024