"სტუდენტებმა" "რუსთავს" დიდი ანგარიშით აჯობეს!

ყველა სიახლე
05 მარტი 2023

თბილისის ოლიმპიური სასახლე ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. რეგულარული სეზონის დასკვნით შეხვედრებს მასპინძლობს. მეშვიდე ტურის მატჩში „საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა“ „რუსთავი“ სოლიდური  ანგარიშით 11-2 დაამარცხა და წრიული ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა.

„სტუდენტებმა“ პირველი ტაიმი ხუთბურთიანი სხვაობით 6-1 მოიგეს. „სეუ“ მეორე ნახევარშიც სრულად დომინირებდა და უპირატესობა სოლიდური გახადა. გამარჯვებული გუნდიდან ორი გოლით და სამი საგოლე გადაცემით საუკეთესო ლუკა ალანია იყო. დუბლი გაიფორმეს ზაქრო მირზაშვილმა და ზურა ხმიადაშვილმა.

„სეუ“-ს მეტოქე მეოთხედფინალურ ეტაპზე „სასკოლო ლიგის აკადემია“ იქნება, ხოლო „რუსთავი“-ს მოწინააღმდეგე დასკვნითი შეხვედრის შემდეგ გამოვლინდება.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ლუკა ალანია, სეუ: „რეგულარული სეზონი კარგად ჩავატარეთ, მხოლოდ პირველი თამაში წავაგეთ დინამოსთან. პირველი ტურის შემდეგ სულ ვიგებთ და კარგადაც ვთამაშობთ. დღეს კარგად ვიყავით მომზადებულები და კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშით. შრომამ შედეგი გამოიღო. პლეი ოფში ჩვენი მიზანი მხოლოდ მოგებაა და ვეცდებით ლიგა 2-ში გადავიდეთ. სასკოლო ლიგასთანაც კარგად მოვემზადებით, ვფიქრობ, რომ მათთან გარკვეული უპირატესობა გვაქვს და უნდა მოვიგოთ. მას შემდეგ რაც საბოლოოდ დავკომპლექტდით, თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ“.

ფუტსალის ლიგა 3-ის რეგულარული სეზონი „საქართველოს უნივერსიტეტი 2“-ის და „სელერო“-ს მატჩით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024