"კროკობეთმა" და "ბეთლაივმა" სანახაობრივ ბრძოლაში ქულები გაიყვეს!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეცამეტე სათამაშო დღე A ჯგუფის შეხვედრით დასრულდა. „ბუკმეიკერულ დერბიში“ ერთმანეთს „კროკობეთი“ და „ბეთლაივი“ დაუპირისპირდნენ.
გიორგი კუხალაშვილმა „კროკობეთი“ მესამე წუთზე გაიყვანა წინ. ტაიმის ბოლომდე ერეკლე ხაჭვანმა წონასწორობა აღადგინა. გუნდები დარჩენილი დრო ინტენსიურად უტევდნენ, მაგრამ ანგარიშის შეცვლა ვერც ერთმა შეძლო და საბოლოოდ „ბუკმეიკერები“ 1-1-ზე გაიყარნენ.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
გიორგი კუხალაშვილი, კროკობეთი: „ზოგადად, „ბუკმეიკერებში“ ყოველთვის დაძაბული ბრძოლაა. კონკურენტები ვართ ყველაფერში. გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ არ გამოგვივიდა ისეთი თამაში, როგორიც გვქონდა დაგეგმილი. ორივე გუნდს გვქონდა შანსი. საბოლოოდ სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა. ბევრი მომენტი იყო ორივე მხარეს. ახლა მთავარი პლეიოფებია. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს რომელ ადგილზე გავალთ“.
B ჯგუფის მეშვიდე ტურის დასკვნით მატჩში „რუსთავის აზოტმა“ „ფარვანა“ გარდამავალ უპირატესობაში 4-3 დაამარცხა. „ფარვანა“ მეშვიდე წუთზე დაწინაურდა. მეტოქემ წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინა. ოცდამეხუთე წუთამდე გუნდებმა კიდევ თითო ბურთი გაცვალეს (2-2), რის შემდეგაც „რუსთავმა“ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. „ფარვანამ“ მატჩის ბოლომდე სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ ქულის მოპოვება ვერ შეძლო. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი გიორგი ახვლედიანმა და უშანგი ხომასურიძემ გაიფორმეს.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 12 მარტს გაიმართება.